თემატური მოკვლევის ჯგუფის სხდომაზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს მოუსმინეს
„მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლის შესახებ” თემატური მოკვლევის ჯგუფმა, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით შეიქმნა, მეორე სამუშაო შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, თემატური მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენის ფორმატში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერს მოუსმინა, რომლებმაც მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებზე საკუთარ გამოცდილებაზე, ახალ მიგნებებსა და ინიციატივებზე ისაუბრეს.
თემატური მოკვლევის ჯგუფის მომხსენებლის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, საკითხის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე შედგა, სადაც საინტერესო წინადადებები იქნა წარდგენილი. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ზეპირი მოსმენით კი მოკვლევის ჯგუფი უკვე არსებულ პრაქტიკას და მექანიზმებს გაეცნობა, რომლის საფუძველზეც შესაბამისი რეკომენდაციები მომზადდება.
თემატური მოკვლევის ჯგუფის სხდომაზე ბათუმის, ფოთის და ქედის მუნიციპალიტეტის მერებმა და გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა აღნიშნული მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებებზე, შესაბამის პროგრამებსა და მიდგომებზე ისაუბრეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა განაცხადა, რომ მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, სამინისტრო ორ მიდგომას ავითარებს. ერთ-ერთ მიმართულებას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების შესაძლებლობების შესახებ მოქალაქეებისთვის ცნობადობის გაზრდა წარმოადგენს, რომელიც ადგილებზე სხვადასხვა პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
მისივე განცხადებით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ახალგაზრდების და სტუდენტების გადამზადება და საკუთარი საცხოვრებელი მუნიციპალიტეტებში დასაქმება. სხდომის დასასრულს, კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარმა თემატური მოკვლევის ჯგუფის შეხვედრაზე განხილული თემები შეაჯამა. მისი განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების და თვითმმართველობის ექსპერტებისგან რეკომენდაციები წერილობით უკვე მომზადებულია და უახლოეს პერიოდში მათი დამუშავება და დოკუმენტის ფორმით მომზადება მოხდება.
მისივე თქმით, თებერვალში საბოლოო დასკვნების და შესაბამისი პრეზენტაციის გამართვა იგეგმება, რომლის შემდეგაც შესაძლებლობა გვექნება საკანონმდებლო ცვლილებებისა და შესაბამისი ბერკეტების შექმნაზე ვიზრუნოთ. თემატური მოკვლევა USAID და GGI მხარდაჭერითა და თანამშრომლობით ხორციელდება.