გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი – სააკაშვილზე: სტაციონარიდან გაწერის შესახებ ინფორმირების შემდეგ პაციენტი დაიძაბა და აღენიშნა არტერიული წნევის მატება, რის გამოც ის ჰოსპიტალში დატოვეს
გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა მალხაზ ურთქმელიძემ პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტლიდან გაწერის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება განმარტა.
მან ჟურნალისტებთან იმ მიზეზზეც ისაუბრა, რის გამოც სააკაშვილი ჰოსპიტალში რჩება. მისივე თქმით, ჰოსპიტალში ვიზიტორების შესვლა 16:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
„მიხეილ სააკაშვილი ჩვენს კლინიკაში 20 ნოემბერს მოთავსდა, ჩაუტარდა ყველა საჭირო ინსტრუმენტული კვლევები, გამოტანილია სათანადო დიაგნოზები. მიმდინარეობდა მკურნალობა, ამ დღეების განმავლობაში იგი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყო. დაწყებული იყო რეფიდინგის პროცესიც, რომელიც 14 დეკემბერს დასრულდა. მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც სტაბილური, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება პაციენტის ამბულატორიულ მკურნალობასთან და სტაციონარიდან გაწერის შესახებ. თუმცა მისი ინფორმირების შემდეგ პაციენტი დაიძაბა და აღენიშნა არტერიული წნევის მატება, რის გამოც ის დატოვეს ჰოსპიტალში მისი მდგომარეობის დასტაბილურებამდე.
რამდენადაც ვიცი, დღევანდელი დღისთვის მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორთა ლიმიტი ამოწურულია. დღეიდან ჰოსპიტალში ნებისმიერ პაციენტთან ვიზიტორის შესვლა იზღუდება 16:00-დან 18:00 საათამდე, ეს ეხება შაბათ-კვირასაც“,- განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.