ნინო გოგორიშვილი: ნიკა გვარამიამ თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც მან შემიყვანა შეცდომაში

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მსჯავრდებული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ შეცდომაში შეიყვანა და გამოკითხვაში არსებულ კითხვებზე ჯერ ხელი მოაწერინა, შემდეგ კი ისინი განავრცო.

ნინო გოგორიშვილის განცხადება ჟურნალისტებს გორის სამხედრო ჰოსპიტლის მთავარმა ექიმმა, მალხაზ ურთმელიძემ გააცნო:

“მოგახსენებთ, რომ დღეს, 28 დეკემბერს, პაციენტ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი, ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდეგ ჩემს მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები, ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით, აღნიშნული ფაქტი იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა. მიმაჩნია, რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან, სადაც მან მიწოდა მკვლელი, ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტლის და ჩემი როგორც ექიმის დისკრედიტაციას”, – წერია გოგორიშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ მედიასთან წაიკითხა გოგორიშვილის გამოკითხვის ოქმი, სადაც აღნიშნული იყო, რომ მკურნალი ექიმის აზრით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები