ამირან გამყრელიძე – ჯანდაცვის ახალ მინისტრზე: იმედი უნდა გვქონდეს, რომ საქმეს თავს გაართმევს
“ბატონი ზურა ახალგაზრდა პიროვნებაა, ენერგიული, კარგი გამოცდილებით. ყველას იმედი უნდა გვქონდეს, რომ საქმეს თავს გაართმევს და საკმაოდ წარმატებული მინისტრი გახდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრზე ზურაბ აზარაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის ახალ მინისტრს სერიოზული გამოცდილება აქვს.
„ის ეკონომიკისა და ფინანსების ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია, თანაც სერიოზული გამოცდილებით. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენ მოკლედ ვეძახით „ჯანდაცვის“, არადა ეს გახლავთ ყველაზე უფრო დიდი და მაღალბიუჯეტიანი სამინისტრო. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ამ სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტი – 6 მილიარდი ლარი იხარჯება ჯანდაცვისთვის, არადა აქედან 1.2 მილიარდი ლარი იხარჯება ჯანდაცვის ხარჯებისთვის, ხოლო დანარჩენი გახლავთ პენსიები, სოციალური დახმარებები და სხვა სოციალური სფეროს ფინანსური კომპონენტი და მართვა ერთ-ერთი მთავარია“, – განაცხადა გამყრელიძემ.