ვახტანგ კახიძის „რეკვიემი“ – მსოფლიო პრემიერა თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში

27 დეკემბერს. 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის თბილისის-მუსიკალურ კულტურულ ცენტრში, კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის მიერ შექმნილი „რეკვიემის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ცენტრი „რეკვიემის“ ორდღიან (26 და 27 დეკემბერი) წარმოდგენას მასპინძლობს.
როგორც მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნაწარმოები სოლისტი ბიჭუნას, ქალთა კვარტეტის, ვაჟთა სექსტეტის, სიმფონიური ორკესტრისა და შერეული გუნდისთვისაა დაწერილი. ავტორის თქმით, იგი მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე ატარებდა „რეკვიემის“ შექმნის იდეას და სხვადასხვა ჟანრისა თუ სტილის მუსიკალურ ნაწარმოებებზე მუშაობის პროცესში მასალის შერჩევისას, ყოველთვის ფიქრობდა, რომ ამ მასალის გარკვეულ ნაწილს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოიყენებდა რეკვიემის წერის დროს. ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ნაფიქრალმა საბოლოოდ 2020 წლის დასაწყისში შეძლო ხორცშესხმა მასშტაბურ მუსიკალურ ფორმაში და მას შემდეგ ელოდება მსმენელთან შეხვედრას.
„იმედი მაქვს, რომ ამ ნაწარმოების შექმნით, ცოტათი მაინც შევძელი ჩემი მშობლების მიმართ უდიდესი მადლიერების, უსაზღვრო პატივისცემის, მარადიული სიყვარულისა და მუდმივი მონატრების გამოხატვა“, – წერს ვახტანგ კახიძე თავისი მშობლების ნათელი ხსოვნისადმი მიძღვნილი ახალი ქმნილების – „რეკვიემის“ შესახებ,
მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა (ქორმაისტერი – ა.უშვერიძე), სოლისტი – გ.ჩომახიშვილი, ქალთა კვარტეტი „მგალობლები“ (ს.კვალიაშვილი, ქ.ქართველიშვილი, ა.უსტიაშვილი, ს.მაკარიძე), ვაჟთა სექსტეტი „რუსთავი“ (გ.ჯინჭარაძე, გ.ბუგიანიშვილი, ბ.ჩიხიაშვილი, გ.მანოშვილი, გ.ნატროშვილი, მ.სამყურაშვილი).
დირიჟორი ვახტანგ კახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები