“პანკისელები არ ენდობიან “ფეიკ ნიუსებს“და ყველა საკუთარი ნებით იცრება“ – სოფელ დუისის საჯარო სკოლის მასწავლებელი

პანკისის ხეობის, სოფელ დუისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მედეა ბორჩაშვილი, ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საკმაოდ დიდი ხნის წინ აიცრა.

როგორც ის ამბობს, იმისთვის, რომ გარშემომყოფები და საკუთარი თავი დავიცვათ, ვაქცინაცია აუცილებელია და ყველა იმ ადამიანმა, რომელიც დღემდე ფიქრობს და ვერ გადაუწყვეტია, როგორ მოიქცეს, კარგად უნდა გაიაზროს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მიხვდეს, რომ გადარჩენის ერთ-ერთი გზა, სწორედ ვაქცინაციაა.

როგორია პანკისის ხეობაში ცნობიერება ვაქცინაციის კუთხით? არის თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის რელიგიური მრწამსისთვის მიუღებელი აცრა და ძირითადად, რა ასაკის ადამიანები აქტიურობენ იმუნიზაციის პროცესში? – ამ კითხვებზე მედეა ბორჩაშვილი გვპასუხობს.

– ქალბატონო მედეა, თავდაპირველად რომ გვითხრათ, რა ვითარებაა ამ დროისთვის პანკისის ხეობაში, რამდენად აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი?

– მე როგორც ვიცი, პანკისის ხეობაში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია აცრილი. რომ გადავხედოთ მონაცემებს, პასიურობა აშკარად არ შეინიშნება. მე სკოლაში ვმუშაობ და ვიცი, რომ მასწავლებლების 45% უკვე ვაქცინირებულია. საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით, ჩვენთან ცნობიერება საკმაოდ მაღალია და მოსახლეობაში უნდობლობის მომენტი არ არის, ყველა საკუთარი ნებით იცრება. ხალხი კარგად ერკვევა იმაში, თუ რა შემადგენლობა აქვს ვაქცინას და რატომ არის საჭირო მისი გაკეთება. ჩვენთან არ ენდობიან „ფეიკ ნიუსებს“ და უპასუხისმგებლოდ არ ეკიდებიან ამ საკითხს.

– როგორც ვიცით, პანკისის ხეობაში განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანები ცხოვრობენ, რომ გვითხრათ, ამ კუთხით ხომ არ არის რაიმე შეზღუდვა აცრაზე?

– ჩვენი რელიგია არ კრძალავს არანაირად. არ გამიგია მსგავსი შემთხვევა, რომ ვინმეს რელიგიური მოტივით უარი ეთქვას აცრაზე, ან ვინმესთვის აეკრძალოთ, არ აიცრაო. რაც არ გამიგია, იმას ვერავის დავაბრალებ.

სტატისტიკურად, რა ასაკის ადამიანები აქტიურობენ, ახალგაზრდები თუ ხანდაზმულები?

– აი, მაგალითად, ჩემი მეზობლები, ცოლ-ქმარი, 70 წელს არიან გადაცილებულები და ცოტა ხნის წინ უკვე მეორე დოზით აიცრნენ. აბსოლუტურად საკუთარი ნებით, გადაწყვიტეს, რომ საჭიროა და მივიდნენ და გაიკეთეს ვაქცინა. რაც შეეხება ახალგაზრდებს, ვისაც საზღვარგარეთ უნდა წასვლა, ისინი იცრებიან, ხოლო ვინც ხეობაში რჩება, ისინი ნაკლებად აქტიურობენ. ამის მიზეზი ნამდვილად არ ვიცი, რა არის, მაგრამ ასაკოვნები ახალგაზრდებზე ბევრად მეტნი იცრებიან.

– ამ ეტაპზე, როგორი მდგომარეობაა ხეობაში ინფიცირების მხრივ?

– ძალიან უტევს კორონავირუსი ხეობას. ცუდი ვითარებაა და ინფიცირებულთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. არის ლეტალობის შემთხვევებიც.

– რა შეცვალა პანდემიამ ხეობის ცხოვრებაში?

– ყველგან თავდაყირა დააყენა პანდემიამ ყველაფერი და არც პანკისის ხეობაა გამონაკლისი. აქაც სხვა რელსებზე გადავიდა ცხოვრება.

– რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით თავს იკავებენ აცრისგან?

– მინდა, ვუთხრა ყველას, რომ გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მე პირადად გავეცანი ყველაფერს, დავრწმუნდი, რომ აცრა აუცილებელია იმისთვის, რომ გადავრჩე და გადავარჩინო ჩემი გარშემომყოფებიც და მივიღე გადაწყვეტილება – ავცრილიყავი. არავის ჩემზე გავლენა არ მოუხდენია და არც იმ ადამიანებისთვის მომისმენია, ვინც ვაქცინას უგულებელყოფს. ამიტომ, კარგი იქნება, ყველა გაეცნოს ამ ვაქცინის შემადგენლობებს, გაიაზრონ რატომ არის აუცილებელი აცრა და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები