შესაძლებელია თუ არა სწრაფი ან PCR-ტესტით „ომიკრონის“ დადგენა – რას უნდა ველოდოთ ვირუსის ახალი ვარიანტისგან – ხათუნა ზახაშვილი

საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევების გამოვლენა ყოველდღე გრძელდება. როგორც ყველასთვის ცნობილია, პირველად ის სამხრეთ აფრიკაში 8 ნოემბერს აღებულ ნიმუშში გამოვლინდა, საერთაშორისო ანგარიშგება ჯანმოში 24 ნოემბერს მოხდა, ხოლო 26 ნოემბერს მიენიჭა ვარიანტს „შეშფოთების სტატუსი“ (VOC) და დაერქვა „ომიკრონი“.

 

ახალი შტამის გამოჩენის გამო, ქვეყნებმა პრევენციის მიზნით მკვეთრად გაამკაცრეს მიდგომები, მათ შორის – საზღვარზე შემომსვლელთა რეგულაციები და შეზღუდვები დააწესეს, საქართველომაც შეზღუდა რამდენიმე ქალაქიდან შემომსვლელთა წესები,  მაგრამ ცნობილია, რომ ეს შტამი უკვე 119 ქვეყანაში დადასტურდა და შემოაღწია საქართველოშიც. სპეციალისტები თითოეული ასეთი შტამის გამოვლენას  მაქსიმალურად ცდილობენ, ამ გზით კი – გავრცელების თავიდან აცილებას. „ომიკრონს“ ახასიათებს 50-მდე მუტაცია, რომელთა კომბინაცია აქამდე არ აღრიცხულა.

 

ამ საკითხის ირგვლივ არსებულ კითხვებზე  გვპასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი:

 

 „ომიკრონისშემთხვევები მატულობს, რა რეკომენდაციების  გაუწევთ მოსახლეობას?

–  ეს ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, თან ახალი წლის დღეები მოდის, მაგრამ როგორმე უნდა შეიზღუდოს დიდი თავშეყრები, თითოეულმა ადამიანმა დისტანციის დაცვაზე უნდა ვიზრუნოთ,  სწორად უნდა გვეკეთოს  ნიღბები, რომ როგორმე ამით მაინც შევამციროთ მოახლოებული საფრთხეები. „ომიკრონის“ რა შემთხვევებიც „დავიჭირეთ“, ყველას მოკვლევა ხდება და  ეს უმთავრესად ასოცირებულია მოგზაურობასთან, ან მათი კონტაქტებია. ეს იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში შემოდის „ომიკრონი“ და  შიდა გავრცელება ჯერ  ნამდვილად არ არის, მით უმეტეს – აქტიურ ფაზაში არ შესულა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რასაც იტყობინებიან სხვა ქვეყნები ამ ვირუსის გავრცელებაზე,  ალბათ 2 კვირა და ცოტა მეტი – ეს არის ის დრო, როცა უნდა დაიწყოს მისი მასობრივი გავრცელება შიდა გავრცელებების ხარჯზე.

–  ეს შტამი რა ასაკის ადამიანებისთვის იქნება უფრო  საშიში?

– ამაზე მსჯელობა ნაადრევია. საკმაოდ სხვადასხვანაირი ინფორმაცია მოდის და, ჯერჯერობით, მასობრივი გავრცელების არეალიდან ინფორმაცია ასაკობრივი დაზიანების შესახებ არ არსებობს, ამიტომ ჯერ ვერ გეტყვით, რომელ ასაკს დააზიანებს უპირატესად და იქნება თუ არა რომელიმე გამოკვეთილი ასაკი. ბავშვებში, მოზრდილებში, დიდებში ყველა ასაკში გამოვლინდა,  შეიძლება მოიმატოს ბავშვთა და მოზრდილთა შემთხვევებმა, მაგრამ, ჯერჯერობით, ამის ერთმნიშვნელოვნად თქმა არ შეგვიძლია.

ამ ახალ შტამზე მუშაობს ის  ვაქცინები, რომლითაც ჩვენ ვიცრებით?


–  ექსპერტებმა, რომლებმაც ჩაატარეს ექსპერიმენტები – ანტისხეულების მიერ „ომიკრონის შესაძლო დაჭერასთან დაკავშირებით –   გამოვლინდა, რომ  მუშაობს ვაქცინები. ოღონდ ერთმნიშვნელოვანი ხაზგასმაა იმაზე, რომ ვისაც ესაჭიროება „ბუსტერდოზის“ გაკეთება, სჯობს,   ჩაიტარონ „ბუსტერვაქცინაცია“.

 

დამაიმედებელი ის არის, რომ კი არის ამ ვირუსის  50-მდე მუტაცია,  მაგრამ, საბედნიეროდ, ეს არ არის ახალი შტამი. ეს არის ახალი ვარიანტი. იმედი გვაქვს, რომ „ომიკრონი“ ვერ შეძლებს ყველა შემთხვევაში ვაქცინური იმუნიტეტიდან ან დაავადების გადატანის შემდეგ ჩამოყალიბებული იმუნიტეტიდან დასხლტომას.  ალბათ გვექნება მომეტებული რეინფიცირების შემთხვევები, მაგრამ ალბათ ეს არ მიაღწევს კატასტროფას. იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს დაავადება მაინც აღმოჩნდება ცოტა უფრო რბილი ხასიათის და კლინიკური შემთხვევები მძიმე არ იქნება.

– გამოდის, რომ დაავადების მატებას უნდა ველოდოთ?

 

–  დაავადების მატებას უნდა ველოდოთ, მაგრამ  იქნებ ისე გამოვიდეს, რომ ეს „ტალღა“ უფრო რბილად გადავიაროთ – ნაკლები ჰოსპიტალიზაციით და ნაკლები სიკვდილით.  ერთი რამ არის კიდევ  ხაზგასასმელი, რომ  „ომიკრონი“ ერთბაშად არ ჩაანაცვლებს ამჟამად ჩვენს ქვეყანაში  მოცირკულე  „დელტა“ ვარიანტს და „დელტა პლუსს“.

 

ეს  შტამები, ყველამ იცის, რომ  საკმაოდ აგრესიულობით, მაღალი ლეტალობით და ჰოსპიტალიზაციით ხასიათდება. ან იქნება თანაბარზომიერად, ან – ჭარბად. „დელტა“ იცირკულირებს თუ „ომიკრონი“, არ ვიცით, ეს პროცესი როგორ წავა, ჯერჯერობით, არავინ იცის. ეს დაავადება მაინც რჩება სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებად და სანამ დროა,  ადამიანებმა მაინც უნდა მიმართონ პრევენციის ისეთ საშუალებებს, როგორებიცაა  – ვაქცინაცია, დისტანციის დაცვა და ნიღაბი.

როგორც  ცნობილია, უხანის შტამი ძალიან მოკლე დროში  ჩაანაცვლადელტავარიანტმა და  შეიძლებაომიკრონმამალევე  ჩაანაცვლოს დღეს მოცირკულე შტამები?

–  საკმაოდ პერიოდი სჭირდება ჩანაცვლებას. ჩვენს შემთხვევაში,  ისევე როგორც ძირითადი შტამის ჩანაცვლებას „დელტა“ შტამით, სადღაც 2 თვემდე პერიოდი დასჭირდა.  წინასწარ იმის განსაზღვრა,  „ომიკრონი“ რამდენ ხანში ჩაანაცვლებს „დელტას“ და „დელტა პლუსს“,  ამის პროგნოზირება ამ ეტაპზე ნამდვილად გამიჭირდება. რაღაც პერიოდის მანძილზე იქნება ორივე შტამის თანაცირკულაცია.

როგორ  უნდა შევძლოთ იმის გარჩევა, რომელი შტამი შეგვხვდა?


–  არ უნდა შევძლოთ, ეს არ შედის არავის ინტერესში, რომ განვასხვავოთ ერთმანეთისგან – ეს არის „დელტა“, „დელტა პლუსი“,  „ომიკრონი“ თუ „ალფა“.   იმიტომ რომ ეს დაავადება ერთნაირად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს და დღესდღეობით სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებად რჩება. არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა ამას, ჯერჯერობით, არ აქვს. სიმპტომები იგივე აქვს, კლინიკური ნიშნების მიხედვით ამის გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია.  ექიმმა შეიძლება მხოლოდ ვარაუდის დონეზე  იპოვოს განსხვავება.

ამბობენ, რომ მუტაციის  გამო შესაძლოა,  შემცირდეს ანტისხეულებით გამოწვეული დამცველობითი ეფექტი

–  ეს, ჯერჯერობით, ძალიან შორს მიმავალი მსჯელობებია. ამის შესახებ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მსგავსს არაფერს გავცნობივარ და მოვერიდებოდი ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას. ალბათ გამოქვეყნდება ნაშრომები, საინტერესო კვლევები  და მერე ვისაუბროთ ამ თემაზე.

– შესაძლებელია თუ არა ანტიგენის ტესტით იმის გარკვევა, რომელი შტამი შეხვდა ადამიანს?

–  შეუძლებელია როგორც ანტიგენის ტესტით, ასევე PCR-ტესტით. „ომიკრონი“ არის თუ არა, ამის დადგენას სჭირდება მაღალტექნოლოგიური კვლევა – სრული სექვენირება ვირუსის ან სპეციფიკური „პისიარის“ ჩატარება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეპიდზედამხედველობის მიზნებისთვის ტარდება,  უპირატესად იმის გასარკვევად, რა შტამები ცირკულირებს ქვეყნის შიგნით.  ეს კვლევა, ჯერჯერობით, დიაგნოსტიკისთვის, ზედამხედველობის მიზნებისთვის გამოიყენება.

 

ის, რომ  რიგითმა მოქალაქემ  დაადგინოს, რა შტამი შეხვდა, ამის დადგენა არაფერში სჭირდება. თუ ადამიანი ავად გახდება  „კოვიდ 19“-ით,  რომელი შტამითაც არ უნდა იყოს დაავადებული, ის აუცილებლად უნდა იყოს იზოლირებული, აუცილებლად უნდა შეუწყოს ხელი სათანადო სამსახურებს  და დაიცვას ყველა წესი.

 

თავადაც უნდა ეცადოს ყველა ადამიანი, გააფრთხილოს ის,  ვისაც მასთან სიმპტომების გამოვლენამდე ორი დღით ადრე ან შემდგომ  შემთხვევით ჰქონდა რაიმე კონტაქტი. მკაცრ კარანტინში უნდა იყვნენ „კონტაქტებიც“, რომ სხვებთან არ ჰქონდეთ შეხება და თუ მათ კონტაქტებს სიმპტომები გამოუვლინდათ, ასევე მათაც უნდა მიმართონ ლაბორატორიებს.

წესები და რეკომენდაციები იგივე რჩება და რომელი შტამია, ამას არ აქვს მნიშვნელობა. უნდა დავემორჩილოთ წესებს და გვახსოვდეს, რომ ამ წესების დარღვევა გამოიწვევს დაავადების გავრცელებას და საფრთხეს შეუქმნის ჩვენს თანამოქალაქეებს. ესეც გვახსოვდეს,  რომ „ომიკრონით“  რეინფიცირების საშიშროება არის და, როგორც ამბობენ, უფრო მეტადაც, ვიდრე ეს  სხვა შტამების შემთხვევაში იყო.

 – პრევენციისთვის რა ზომებს იღებს  სახელმწიფო?

უკვე  ცნობილია, რომ  1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე  ქვეყნის მასშტაბით უქმე დღეები გამოცხადდა და ვფიქრობთ, ეს მობილობას შეამცირებს. ასევე, უნდა გაიზარდოს მოწოდებები,  არ ჩატარდეს კულტურული ღონისძებები. მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნიღბის ინტენსიური გამოყენება. გონივრულად მოვიქცეთ და, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.

 

ვაქცინები მუშაობენ, ვაქცინები ხელმისაწვდომია, რაც  დროულად ავიცრებით, უფრო კარგია. დღესდღეობით ისევ გრძელდება აქტივობები, რასაც ჰქვია მარათონი. შერჩეულია რამდენიმე დიდი სოფელი და ინტენსიურად მიდის მუშაობა, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას და მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ.

 

ვაქცინაციასთან დაკავშირებული მოწოდებები ძალიან მნიშვნელოვანია და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მოსახლეობას, ერთი მხრივ, „ომიკრონის“ შემთხვევების შესახებ და, მეორე მხრივ – ვაქცინაციის სამომავლო პერსპექტივებზე. უნდა დაიგეგმოს მომავალი წელი, ვაქცინების შესაძენად, სათანადო სახარჯი მასალის შესაძენად და იმ ხელშემწყობი კამპანიებისთვის, რაც უნდა თან ახლდეს იმუნიზაციის პროცესს.

ჩვენ არ გვინდა ისევ მკაცრი შეზღუდვები. ისევ იმ მძიმე პერიოდების გავლა, ამიტომ თითოეული ადამიანის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს საჭიროებას. გასაგებია, რომ ახალი წელია, ყველას მოგვენატრა ახლობლები,  ყველას გვინდა ურთიერთობა,  შეხვედრა  სასიამოვნო გარემოში, მაგრამ, სამწუხაროდ, პანდემია ჯერ არსად წასულა, ჯერ  კიდევ სიფრთხილეა საჭირო. მაინც ყველას მოვუწოდებდი, სტანდარტული წესები დაიცვან და ჩაიტარონ ვაქცინაცია.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები