გიორგი პერტაიამ ბიზნეს ასოციაციებს სავაჭრო პალატის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ პალატის საბჭოში შემავალ 40-მდე სექტორულ და არასექტორულ ბიზნეს ასოციაციებს, მათ შორის მეწარმეებს სავაჭრო პალატის მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და 2022 წლის გეგმები გააცნო.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად მიიღეს ინფორმაცია იმ პროექტებზე, რომელიც პანდემიის დროს მეწარმეების მხარდასაჭერად განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს, მათ შორის ელექტრონული კომერციის და სხვადასხვა აქტუალურ თემებზე ჩატარებული ტრენინგების, ბიზნესისთვის ასი უფასო ვებ-გვერდის, ელექტრონული კომერიციის სახელმძღვანელოს, პროფესიული სწავლების პროგრამის ხელშეწყობის, ქალი მეწარმეების მხარდამჭერი პროგრამის, ბიზნესთან ღია დიალოგის ფორმატის, საზღვარგარეთ და საქართველოში გამართული ბიზნეს ფორუმების შესახებ.
პალატის პრეზიდენტის განცხადებით, მომავალ წელს პალატა მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად არაერთი ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს.
,,მომავალი წელს ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი, პროფესიული განათლების, საერთაშორისო პროექტების, რეგიონული მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის მიმართლულებით, სადაც ბიზნესის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლახანს მოვაწერეთ ხელი შტუტგარტის სავაჭრო პალატის ექსპორტის აკადემიასთან სამწლიან თანამშრომლობას, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს პალატის საქმიანობას. ვფიქრობთ, ასევე სავაჭრო პალატის ძირეულ რეფორმას, გვაქვს ამბიციური გეგმები პროექტებთან დაკავშირებით და მოვუწოდებ ყველა ბიზნეს პალატასთან თანამშრომლობას’’-განაცხადა გიორგი პერტაიამ.
შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატით დასრულდა.