სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის პროექტი გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე წარადგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის პროექტი წარადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების წევრებს, გიორგი საბედაშვილმა სტრატეგიის პროექტი გააცნო და აღნიშნა, რომ ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია არის მომდევნო ხუთი წლის პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც 2019-2021 წლების სტრატეგიის გაგრძელებას წარმოადგენს.

„დოკუმენტი წარმოადგენს სახელმწიფოს სტრატეგიულ გეგმას- ტერორიზმის, ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ეს არის დოკუმენტი, რომელმაც 2019 წელს, საქართველოში პირველად განსაზღვრა ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის ცნება.
დოკუმენტი არის ტერორიზმის შესახებ და სახელმწიფოს 7 ძირითად მიმართულებას მოიცავს, რომლითაც ქვეყანა აპირებს დაუპირისპირდეს ტერორიზმს. ეს მიმართულებებია-ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, პრევენცია, დაცვა, მზადყოფნა, დევნა, სამართლებრივი ჩარჩოს განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა“, – აღნიშნა საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა.

კომიტეტების სხდომას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნანა ბერიძე და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ბაჩა მგელაძე ესწრებოდნენ.
სხდომას კომიტეტების თავმჯდომარეები უძღვებოდნენ, რომელიც დახურულ ფორმატში წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები