ბექა ოდიშარიამ ასოციაცია BIG – ის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, ონლაინ შეხვედრა გამართა BIG – ის (Business in Georgia) ასოციაციის წარმომადგენლებთან.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას ასოციაციის დამფუძნებლებმა: ოთარ ზურაბიშვილმა, პაპუნა ჩიხრაძემ და სებასტიან კუდერმა BIG – ის სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რაც ჩვენი თანამემამულეებისა და ფრანგი ბიზნესმენების ჩართულობით საფრანგეთიდან ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ მომავალი წლის ზაფხულისთვის, პარიზში ფართომასშტაბიანი ფორუმი გაიმართება, სადაც მოწვეულნი იქნებიან ფრანგი ბიზნესმენები და მოხდება მათთვის საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს გაცნობა.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა მზაობა გამოთქვეს მონაწილეობა მიიღონ და მხარი დაუჭირონ აღნიშნული ფორუმის წარმატებით ჩატარებას. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილემ, თორნიკე ზირაქიშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სააგენტოს პროგრამები და მათში დიასპორის წარმომადგენლების ჩართვის შესაძლებლობები. ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს აქტიურობისთვის და აღნიშნა, რომ ფრანგ ბიზნესმენებთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი ბიზნესმენების გააქტიურება, ვინც უკვე ჩართულია ამ სფეროში და ვისაც გული შესტკივა საქართველოს მომავალზე. მისი განცხადებით, შეხვედრაზე განხილული პროექტების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელია საფრანგეთი გახდეს მაგალითი – საპილოტე პროგრამა, მით უფრო რომ საქართველოს ისტორიაში საფრანგეთს განსაკუთრებული როლი აქვს, დაწყებული ჩვენი პოლიტიკური ემიგრაციიდან – დღევანდელი რეალობის ჩათვლით. დღეს გამართულ ონლაინ შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მუხრან გულაღაშვილი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები.