გიორგი ვოლსკი ვადიანი აბონემენტების პირობებს განმარტავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ვადიანი აბონემენტების დანერგვის შესახებ წერს.

„მოდით ერთად გადავხედოთ:

1. ახალი რეგულაციებითა და განახლებული ავტოპარკით საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების კომფორტი მნიშვნელოვნად იზრდება, დრო კი მცირდება;

2. ერთმანეთთან სინქრონდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი;

3. ულიმიტო, 90-წუთიანი ბარათი – ერთი ლარი – (იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არ მგზავრობენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ სჭირდებათ შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში, ერთ ლარად შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა – მეტრო, ავტობუსი, მიკრავტობუსი, სადაც გადაჯდომისას, 90 წუთის განმავლობაში, დამატებით თანხას არ გადაიხდიან);

4. ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი სამი ლარი, მფლობელს შეეძლება, მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ სამ ლარად);

5. ულიმიტო, ერთკვირიანი ბარათი – 20 ლარი (ერთკვირიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 20 ლარად. ეს ბარათი ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი;

6. ულიმიტო, ერთთვიანი ბარათი – 40 ლარი, რომლის მფლობელს შეეძლება, მთელი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად. ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება, რადგან კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში საშუალოდ, ორი ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაშიც ყოველთვიურად 50-60 ლარს იხდიან.

7. ულიმიტო, სამთვიანი ბარათი – 100 ლარი, ტრანსპორტით აქტიურად მოსარგებლეს ხარჯს სულ მცირე გაუნახევრებს;

8. ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათი – 150 ლარი. ამ ბარათის მომხმარებლის სატრანსპორტო დანახარჯი თვეში 25 ლარს შეადგენს;

9. ულიმიტო, ერთწლიანი ბარათი – 250 ლარი. ანუ თვიური ხარჯი 20 ლარი იქნება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობისათვის.

10. სრულიად უფასო მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ:

1)თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები; 2)მოსწავლეები; 3) უბნის ინსპექტორები და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები; 4) თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები; 5) თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანები და სხვა.

11. შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (0,2 ლარი) მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ:

1) თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები; 2) საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები; 3) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები; 4) პენსიონერები; 5) თბილისის საკუთრებაში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები; 6) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები და სხვა.

12. შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (0,1 ლარი) მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები“, – წერს გიორგი ვოლსკი.

2022 წლის 1-ლი თებერვლიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ვადიანი აბონემენტები დაინერგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები