,,წარმატების მისაღწევად ცოდნა, გამოცდილება და მონდომებაა საჭირო’’

დავით მახარაძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის სადოქტორო პროგრამის გამარჯვებული, კატალონიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ინჟინერიის ფაკულტეტის დოქტორანტი, ბარსელონა, ესპანეთი.

კატალონიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში 2021 წლის სექტემბრის თვეში ჩავირიცხე, თავდაპირველად, განათლების საერთაშორისო ცენტრის სადოქტორო პროგრამის შესახებ არ ვიცოდი და ოჯახის წევრებისგან გავიგე, რომ მეძლეოდა შესაძლებლობა სწავლა გამეგრძელებინა უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტში.

სასწავლო დაწესებულების შერჩევაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემმა სამეცნიერო ხელმძღვანელმა, აკად. რამაზ ქაცარავამ, რომლის რეკომენდაციითაც, გადავწყვიტე ჩამებარებინა კატალონიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. ამჟამად, ჩართული ვარ სინთეზური და ბიოდეგრადირებადი პოლიმერების ჯგუფში (PSEP) და შევისწავლი ბიოდეგრადირებადი პოლიმერული ნანონაწილაკების გამოყენებას სხვადასხვა ანტისიმსივნური წამლების მიმწოდებლად, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს პოლიმერების სინთეზი და ნანონაწილაკების მიღება, ხოლო შემდეგ ეტაპზე შევისწავლით წამლის ბიოლოგიურ აქტივობას ნანონაწილაკების გამოყენებით.

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიის მოპოვებამდე სამი ეტაპი გავიარე, რასაც ბუნებრივია თან სდევდა ნერვიულობა, რადგან კონკურენცია მაღალი იყო, მრავალ კარგ სტუდენტს შორის მიწევდა მონაწილეობა. კონკურსის ეტაპები და აპლიკაციის შევსება საკმაოდ გამჭვირვალე და მარტივი იყო, კონკურსში გამარჯვებაზე კი ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, თუმცა მე მაინც გამოვყოფდი სამოტივაციო წერილის შესრულებას, სადაც სტუდენტი აჩვენებს თუ რამდენად მონდომებულია და მზად არის, რომ შეუდგეს ახალ გზას. საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში, თავდაპირველად, რთული იყო ახალ გარემოსთან შეგუება. უცხო ქალაქსა თუ უნივერსიტეტში ადაპტაცია, თუმცა, შევიძინე ძალიან კარგი მეგობრები, რომელთანაც ურთიერთობა მიადვილებს და სასიამოვნოს ხდის სხვა ქვეყანაში ცხოვრებას და სწავლის პროცესს.

როგორც მოგეხსენებათ, განათლების საერთაშორისო ცენტრი სასტიპენდიო პროგრამებს ყოველწლიურად აცხადებს, ამიტომ, სტუდენტებს ვურჩევ ამ შესაძლებლობის გამოყენებას, აუცილებელია დაისახონ თავიანთი მიზნები და მათ შესასრულებლად მაქსიმალური ძალისხმევა ჩადონ, წარუმატებლობის შემთხვევაში ფარ-ხმალი არ დაყარონ და ისევ მიიღონ მონაწილეობა კონკურსში. ცოდნა-გამოცდილება და მონდომება ეს თვისებები კი არის აუცილებელი გამარჯვების გზაზე. 2021 წელი გამორჩეული იყო სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვების კუთხით, საშუალება მომეცა, რომ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო და წარმოვაჩინო, რისთვისაც, განათლების საერთაშორისო ცენტრის მადლობელი ვარ. სამომავლოდ ვაპირებ, რომ კვლევები გავაფართოვო, მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრი გაიხსნა სამეცნიერო კვლებისათვის და პაციენტთა სამკურნალოდ, ვიმედოვნებ, რომ გაფართოვდება აღნიშნული კვლევები და ქიმიური კუთხითაც შევძლებ წვლილი შევიტანო ამ სფეროს პოპულარიზაციაში და მოვახმარო აქ მიღებული განათლება ჩემს ქვეყანას.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები