,,2021 წლის მთავარი სიახლე განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსში გამარჯვება იყო’’ – ინტერვიუ ქეთევან ჯაჭვაძესთან

ძალიან გამიმართლა, რომ წელს, განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებს შორის აღმოვჩნდი და შესაძლებლობა მომეცა ვისწავლო იტალიაში, მილანში MIP Politecnico di Milano -ს უნივერსიტეტში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია მილანში, – ასე იწყებს საუბარს განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული ქეთევან ჯაჭვაძე.

ქეთევან, მოგვიყევით საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოცდილების შესახებ.

ძალიან გამიმართლა, რომ წელს, განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებს შორის აღმოვჩნდი და შესაძლებლობა მომეცა ვისწავლო იტალიაში, მილანში MIP Politecnico di Milano -ს უნივერსიტეტში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია მილანში. ვსწავლობ უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე, მედია და კომუნიკაციის მენეჯმენტის მიმართულებით (International MA in Media and Communication Management). სწავლა სექტემბერში დავიწყე, საკმაოდ დატვირთული, თუმცა საინტერესო, მრავალფეროვანი და პრაქტიკული პროგრამაა, რომელიც თანამედროვე სამყაროში ციფრული კომუნიკაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზეა ფოკუსირებული და, ფაქტობრივად, ყველა მნიშნელოვან მიმართულებას მოიცავს: ციფრულ მედიას, ინოვაციებს, ბრენდინგს, ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებს, მენეჯმენტს, სტრატეგიას, შემოქმედებით ინდუსტრიასა და სხვა. ნამდვილად უნიკალური გამოცდილებაა ეს ჩემთვის, როგორც სწავლის, ისე სხვა ქვეყანაში ცხოვრების თვალსაზრისით.

გთხოვთ, გაიხსენეთ ის ეტაპები, რომელიც სტიპენდიის მოპოვებამდე გაიარეთ.

ალბათ, ნებისმიერ კონკურსში მონაწილეობა გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული, რადგან როგორც წესი, პროცესი ხანგრძლივია, რამდენიმე ეტაპს გადიხარ, დიდი კონკურენციაა. მეც, ბუნებრივია, ყველა ეტაპი გავიარე. დაწყებული აპლიკაციის შევსებიდან, დამთავრებული საბოლოო გასაუბრებით. გარდა ამისა, ცალკე, დამოუკიდებელი პროცესია უნივერსიტეტში ჩაბარება და იქ მოთხოვნილი ეტაპების გავლაც. ამ ყველაფრის შემდეგ, კონკურსში გამარჯვება ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა. რაც შეეხება, გამჭირვალობას, კონკურსის ყველა ეტაპის შესახებ მქონდა დეტალური ინფორმაცია და ამ მხრივ, რაიმე სირთულე არ ყოფილა.

განათლების საერთაშორისო ცენტრი სასტიპენდიო პროგრამების უმეტესობას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.  რა რჩევას მისცემდით მომავალ კონკურსანტებსა და სტიპენდიატებს, მათ, ვინც სამომავლოდ აპირებს სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ?

პირველ რიგში, ვურჩევდი, რომ რამდენჯერაც არ უნდა მოუწიოთ ცდა, არ დანებდნენ და მიიღონ კონკურსში მონაწილეობა. ყველა მცდელობა გამოცდილებაა და  შანსი, რომ  რაღაც უკეთესად გააკეთო. მეორე რიგში, ძალიან მნიშნელოვანია კონკურსანტმა კარგად იცოდეს კონკრეტულად რა მიმართულებით უნდა სწავლის გაგრძელება. შესაბამისად შეარჩიოს პროგრამა და უნივერსიტეტი. ასევე მნიშვნელოვანია, ყურადღებით გაეცნონ თავად უნივერსიტეტისა და შერჩეული პროგრამის მოთხოვნებს, რადგან უნივერსიტეტების ჩარიცხვის კრიტერიუმები/პროცედურები შესაძლოა განსხვავებული იყოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროგრამების შინაარსი  მეტ-ნაკლებად იდენტურია. აპლიკაციის შევსება, სამოტივაციო წერილის დაწერა და ა.შ. პროგრამის კარგად შესაწვლის შემდეგ უკეთესია. საბოლოო ჯამში, წინასწარ კარგად მომზადება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში გეხმარება. წარმატებებს ვუსურვებ წლევანდელ კონკურსანტებს. იმედი მაქვს, რომ 2022 წელი მათთვის ძალიან სასიამოვნო სიახლით გაგრძელდება!

რით იყო მნიშვნელოვანი თქვენთვის 2021 წელი?

2021 წლის მთავარი და მნიშვნელოვანი სიახლე ჩემთვის განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსში გამარჯვება იყო.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სასტიპენდიო პროგრამა საშუალებას მაძლევს, სწავლის დასრულების შემდეგ, გარკვეული პერიოდი იტალიაში დავრჩე, თუკი სამსახურს შემომთავაზებენ. ამიტომ, ამ ეტაპზე, ძალიან მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და სწავლის დასრულების შემდეგ იქ ახალი და საინტერესო გამოცდილება შევიძინო. ვნახოთ, რა იქნება…

R

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები