,,ცენტრის კონკურსში გამარჯვება მარტივი არ არის,  თუმცა სასურველი შედეგის მიღწევა შესაძლებელია’’ – ინტერვიუ ანი მუხიგულაშვილთან

განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე წლის სტიპენდიატი და საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის გამარჯვებული ანი მუხიგულაშვილი საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოცდილებაზე საუბრობს.

ანი, თქვენ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე წლის სტიპენდიატი და საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის გამარჯვებული ხართ. გთხოვთ, გაგვიზიარეთ საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოცდილება.

 2021 წელს ჩავირიცხე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე, ავსტრიაში. საჭირო გახდა ვენაში ცხოვრების ხარჯების დასაფარად დამატებითი თანხების მობილიზება. ამ მიმართულებით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა განათლების საერთაშორისო ცენტრის სამაგისტრო პროგრამაა. სწორედ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში გავიმარჯვე და მოვიპოვე დამატებითი დაფინანსება, რამაც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა მომცა.

გაიხსენეთ ის ეტაპები, რომელიც სტიპენდიის მოპოვებამდე გაიარეთ. რამდენად რთული იყო ცენტრის კონკურსში გამარჯვება?

 დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსი საკმაოდ მაღალი იყო. სტიპენდიის მოპოვებამდე გავიარე სამი ეტაპი, რომლის ბოლო ეტაპსაც გასაუბრება წარმოადგენდა. ცენტრის კონკურსში გამარჯვება მარტივი არ არის, სწორედ არაერთი წარმატებული მონაწილის ჩართულობიდან გამომდინარე, თუმცა მომზადების პროცესში სათანადო რესურსის ჩადების შემთხვევაში, სასურველი შედეგის მიღწევა შესაძლებელია. ყველა ეტაპის ბოლოს მონაწილე იღებს შეტყობინებას თითოეულ კრიტერიუმში მის მიერ დაგროვებული ქულებისა და შედეგის გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ, რაც ცენტრის მხრიდან გამჭვირვალე მიდგომის მაგალითია.

თქვენი გამოცდილებით, რა არის მთავარი სირთულე საზღვარგარეთ სწავლის პროცესში   და რა გახსენდებათ ყველაზე სასიამოვნოდ განვლილი სემესტრიდან?

ადამიანები ერიდებიან სირთულეებზე საუბარს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მოლოდინების შესაქმნელად მსგავსი გამოცდილებების გაზიარებაც. საზღვარგარეთ სწავლის პროცესში შეიძლება გამოწვევას წარმოადგენდეს უნივერსიტეტის კონკრეტული მოთხოვნები, მახასიათებლები და მიდგომა, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს ჩვენი ადგილობრივი სწავლის მეთოდიკისგან. ასევე, გამოწვევა შეიძლება იყოს დროის სწორი მენეჯმენტი, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ მაღალი დატვირთვის ფარგლებში სწავლის ხარისხზე უარყოფითი გავლენის მოხდენა. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ლექციებსა და სემინარებზე აქტიური ჩართულობა სწავლის პროცესის განუყოფელი ნაწილია და არ უნდა შევუშინდეთ საკუთარი აზრის, თუნდაც მცდარის გამოთქმას.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს არაერთ შესაძლებლობას, მათ შორის წამყვან ორგანიზაციებში სამუშაო გამოცდილების დაგროვებისა თუ სხვა არაერთ საინტერესო პროექტში ჩართულობის მიმართულებებით. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო განვლილ სემესტრში იყო იმ კურსის ათ ადამიანს შორის მოხვედრა, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ერთ-ერთი საქმის განხილვაზე დასწრებას შევძლებთ სტრასბურგში, იმავე სასამართლოს ყოფილი მოსამართლის პროფესორ ანდრაშ შაიოს ხელმძღვანელობით.

რჩევას მისცემდით მომავალ კონკურსანტებსა და სტიპენდიატებს, მათ, ვინც სამომავლოდ აპირებს სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ?

მომავალ კონკურსანტებს ვურჩევდი სათანადო დრო და ყურადღება დაუთმონ ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად საჭირო დოკუმენტების მომზადებას. მნიშვნელოვანია, რეკომენდატორად შეარჩიოთ სწორედ ის ადამიანი, ვინც კარგად გიცნობთ და შეუძლია თქვენი შესაძლებლობებისა და მიღწევების სათანადოდ დახასიათება. მონდომების შემთხვევაში სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვების შანსები საკმაოდ მაღალია. წარმატებებს გისურვებთ!

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები