„კრაკოვის ეროვნული მუზეუმის თავად ჩარტორისკების ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერი წიგნების კოლექცია“ – ონლაინლექცია

23 დეკემბერს, 14:00 საათზე, ეროვნული არქივის ორგანიზებით, თემო ჯოჯუას ონლაინლექცია გაიმართება: „კრაკოვის ეროვნული მუზეუმის თავად ჩარტორისკების ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერი წიგნების კოლექცია“.
„კრაკოვის ეროვნული მუზეუმის თავად ჩარტორისკების ბიბლიოთეკაში თერთმეტი ქართული ხელნაწერი წიგნია დაცული. ამ ხელნაწერებს შორის ყველაზე ადრეულია ეტრატზე დაწერილი სვინაქსრის ფრაგმენტი (Kr.1921), რომელიც XII-XIII საუკუნეებით თარიღდება, ხოლო ყველაზე გვიანდელია ქაღალდზე დაწერილი I დავითნი (Kr.1923), რომელიც XVIII საუკუნეს მიეკუთვნება.
კრაკოვის ქართულ ხელნაწერებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იანვარ-თებერვლის თვენი (Kr.1919), რომელიც 1219 წლის ახლოხანებში წმიდა მიწაზე მოღვაწე ქართველი ბიბლიოფილის, იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძრის დეკანოზ იოვანეს ხელით ან მისი დაკვეთით არის გადაწერილი. ხელნაწერში, ბერძნულიდან ნათარგმნი ჰიმნოგრაფიული კანონების გარდა, შეტანილია ორი ორიგინალური ქართული საგალობელი: წმ. ნინოსა (14 იანვარი) და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დამაარსებლის პროხორე ქართველის (12 თებერვალი) ჰიმნოგრაფიული კანონები.
კრაკოვის ქართულ ხელნაწერებს შორის ყურადღებას იპყრობს ორი ხელნაწერი: 1660-იანი წლების შემდგომ ახლოხანებში გადაწერილი I ჟამნი (Kr.1920) და XV საუკუნეშია გადანუსხული III ჟამნი (Kr.1925). ამ ხელნაწერებში შეტანილია ქართული ორიგინალური მწერლობის ნაკლებად ცნობილი ძეგლი „არსების ხატი“, რომელიც ტროპარების კრებულს წარმოადგენს. „არსების ხატის“ კრაკოვის ნუსხები შეიცავს ტროპარებს, რომლებიც საქართველოს ეკლესიის სიწმიდეების: სვეტიცხოვლის, ქრისტეს კვართისა და წმიდა მირონის, აგრეთვე, აწყურის ხატისადმია მიმართული.
საინტერესოა, რომ კრაკოვის III ჟამნი (Kr.1925) განაახლა ცნობილმა კალიგრაფმა იაკობმა, რომელსაც გადაწერილი აქვს სამი ხელნაწერი წიგნი:
1. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული გამოკრებილი სამოციქულო (A-4);
2. ეროვნულ არქივში დაცული გამოკრებილი სამოციქულო-სახარება (1446-220);
3. რუსეთის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული ლიტურგიკული კრებული (C 25). იაკობმა მის მიერ გადაწერილ-განახლებულ ხელნაწერებს დაურთო მინაწერები, რომლებიც ძველი ქართული საიდუმლო დამწერლობის ანჩინური სისტემით არის შესრულებული“, – აღნიშNულია ინფორმაციაში.
ლექცია გაიმართება ZOOM-ის პლატფორმაზე, მიჰყევვით ბმულს: https://us06web.zoom.us/j/89455140995

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები