ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველსაყოფად, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას სახელმწიფო ფინანსურად დაეხმარება, ასევე, სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და თანათავმჯდომარემ თეა ახვლედიანმა გახსნეს. განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის კომისიამ გადაწყვიტა, გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობას, გადასათბობად, ზამთრის პერიოდში ფინანსურად დაეხმარონ, ასევე, სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის დაფინანსება გაუგძელონ.
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მიმდინარე ოკუპაციის მძიმე შედეგებსა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის ცხოვრების სათანადო პირობების უზრუნველყოფის მიზნით, მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, სწორედ გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა წარმოადგენს შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს.
თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა იმ პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც, კომისიის მიერ გაწეული ძალისხმევის ფარგლებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2013 წლიდან განხორციელდა: გაზიფიკაციის, წყლით მომარაგების, განათლების დაფინანსების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ამ სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება არის ძლიერი პოლიტიკური გზავნილი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც, როგორც საქართველოს ხელისუფლების ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის თვალსაჩინო გამოვლინება.
სამთავრობო კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ კომისიის წევრი უწყებების წარმომადგენლები, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი.