მულტიკულტურულ გარემოში განათლების მიღება არის წარმატებული კარიერის ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტი’’ – მარიამ ფილიშვილი

განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის „Stipendium Hungaricum-ის“ გამარჯვებული მარიამ ფილიშვილი საკუთარ გეგმებსა და მიღწევებზე საუბრობს.

Jó napot kívánok!

2021 წელი საკმაოდ დატვირთული, თუმცა პროდუქტიული აღმოჩნდა ჩემთვის, ვინაიდან გავხდი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის „Stipendium Hungaricum-ის“ გამარჯვებული და ამ ეტაპზე სწავლას ვაგრძელებ უნგრეთში, დებრეცენის უნივერსიტეტის ევროპისა და საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.

აპლიკაციაზე მუშაობა ადრეული ეტაპიდანვე დავიწყე და ვერც კი აღვწერ თუ რამდენი რესურსი, ენერგია, შრომა და ემოცია ჩავდე როგორც საბუთების შეგროვების, აგრეთვე გასაუბრების ეტაპზე. მიუხედავად კონკურსის ხანგრძლივი პროცესისა, გამჭირვალობა, რაც თან სდევს აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის სამივე საფეხურს, არის აპლიკანტებისათვის მთავარი წარმატების გარანტი და სივრცე, სადაც ფასდება მათი შრომა, განათლება და მოტივაცია.

აღსანიშნავია, რომ არც ერთი წუთით არ მიგვრძნია ის გამოწვევები რაც საზღვარგარეთ ცხოვრებას ახლავს თან, რა თქმა უნდა, ეს განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ მარტივი არის ინტეგრირება როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, მათი მეგობრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, აგრეთვე იმ სოციუმთან მიმართებითაც, რომელმაც მიგვიღო და შეგვიყვარა.

დებრეცენის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტი უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურით, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტები, სწავლების მაღალი დონე და სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი თუ გარემო. საკმაოდ აქტიური სემესტრი მქონდა, მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა საჯარო ლექციასა და ტრენინგში, აგრეთვე სამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელთაგან ერთ-ერთშიც ჩემი თემა დასახელდა სესიის გამარჯვებულად.

ჩემი მთავარი რჩევა მომავალი აპლიკანტებისა და სტიპენდიანტებისათვის არის  საკუთარი თავის რწმენისა და დაუღალავი შრომის ჰარმონიზება, რომელიც უცილობლად მიიყვანს თითოეულ მათგანს ფინიშის ხაზთან. მულტიკულტურულ გარემოში განათლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღება არის წარმატებული კარიერის ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტი. აღსანიშნავია, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრი არამხოლოდ Stipendium Hungaricum-ის საშუალებით უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის ასეთი შესაძლებლობის შეთავაზებას, არამედ კიდევ ცხრა სასტიპენდიო პროგრამის მეშვეობით.

მთავარი სამომავლო გეგმა, რაც დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ჩემი როგორც იურისტის პიროვნული და პროფესიული განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპი არის სადოქტორო სწავლების გაგრძელება, რომელიც საშუალებას მომცემს სრულვყო უკვე მიღებული ცოდნა, შევმატო სიახლე კონკრეტული სამართლის მიმართულებას, დავხვეწო სამართლებრივი ანალიზის უნარი და რაც მთავარია, ჩამოვიტანო ქვეყანაში საზღვარგარეთ მიღებული საუკეთესო ცოდნა და გამოცდილება.

 მარიამ ფილიშვილი

დებრეცენის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 სასწავლო წლის სტიპენდიატი, პროგრამა ,,სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმის’’ გამარჯვებული.”

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები