ნიკა პირველაშვილი –  მინდა, მიღებული ცოდნა ჩვენი ქვეყნის განვითარებას მოვახმარო

გთავაზობთ ინტერვიუს განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 სასწავლო წლის სტიპენდიატთან – ნიკა პირველაშვილთან. ნიკა ამჟამად სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მაგისტრანტია და, ამავე უნივერსიტეტში, გარემოსდაცვით სამართალს ეუფლება.

  • მოგვიყევით საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოცდილების შესახებ (ცენტრის რომელი პროგრამის გამარჯვებული ხართ, რომელ ქვეყანასა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლობთ და რა პროფესიაზე)?

საქართველოს მთავრობისა და შვედეთის ინსტიტუტის სტიპენდიის მეშვეობით ამჟამად ვსწავლობ შვედეთში, სტოკჰოლმის უნივერსიტეტში, გარემოსდაცვითი სამართლის ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე. ზოგადად, საზღვარგარეთ სწავლა ჩემთვის უცხო არაა, ვინაიდან, 2018 წელს გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრი ესპანეთში გავატარე.

გარემოზე ზრუნვა და მდგრადი განვითარება შვედეთში პრიორიტეტულ საგნადაა ქცეული და უმაღლეს დონეზეა მოწესრიგებული, შესაბამისად, გარემოსდაცვითი სამართლის შესასწავლად ნამდვილად საუკეთესო ქვეყანა შევარჩიე. ამასთან, შვედეთში უფრო მეტად დავაფასე დრო, მზე და მეგობრები, რადგან სასწავლო კურსი საკმაოდ დატვირთულია, სამ-ოთხ საათზე კი უკვე ღამდება, ამიტომ ჯგუფელები ვცდილობთ ყოველთვის ერთად ვიმეცადინოთ და შემდგომ, ასევე ერთად გავუმკლავდეთ შვედეთის გრძელ ღამეებს სხვადასხვა აქტივობებით. შვედეთში, ცხოვრების სტილის აღსაწერად ხშირად იყენებენ სიტყვა „ლაგომს“, რაც ზომიერ, დაბალანსებულ ცხოვრებას გულისხმობს და ჩვენთვის, როგორც სამხრეთელებისთვის ცოტა რთულად გასაგები რამაა (იღიმება).

  • გაიხსენეთ ის ეტაპები, რომელიც სტიპენდიის მოპოვებამდე გაიარეთ. რამდენად რთული იყო ცენტრის კონკურსში გამარჯვება? რამდენად მარტივი და გამჭვირვალე იყო სასტიპენდიო კონკურსის ეტაპები?

ვფიქრობ, რომ კონკურსში გამარჯვება რთული არ ყოფილა. ზოგადად, რთულია ის გზა, რომელსაც გადიხარ ცოდნის, გამოცდილებისა და უნარების შესაძენად. ცხოვრების რაღაც ეტაპზე კი ხვდები, რომ შენი რეზიუმე გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და გამჭვირვალე და სამართლიანი კონკურსის პირობებში, როგორიც ეს კონკურსი იყო, წარმატება გარანტირებულია, როგორც განვლილი თავდაუზოგავი შრომის დამსახურებული შედეგი. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგიძლია თავს მოდუნების უფლება მისცე და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა შეწყვიტო. საზღვარგარეთ სწავლის ერთ-ერთი დადებითი მხარე სწორედ ისაა, რომ იგი აფართოებს თვალსაწიერს და ამასთან მარტივად გახვედრებს, რომ შენი ცოდნა და წარმატება ადგილობრივი შკალით არასოდეს უნდა გაზომო, პირიქით, მუდმივად უნდა ავარჯიშებდე გონებას და ხვეწდე საკუთარ უნარებს, რათა მზად იყო ნებისმიერი გამოწვევისთვის.

  • თქვენი გამოცდილებით, რა არის მთავარი სირთულე საზღვარგარეთ სწავლის პროცესში და რა გახსენდებათ ყველაზე სასიამოვნოდ განვლილი სემესტრიდან?

ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი საზღვარგარეთ სწავლისას არის პირველი ორი-სამი კვირა. ამ პერიოდში უნდა ეცადო იპოვო შენი ე.წ. „კომფორტის ზონა“. მაგალითად, მე ამ დროის განმავლობაში ვცდილობ ვიყო იმაზე მეტად აქტიური, ვიდრე ზოგადად ცხოვრებაში ვარ. შედეგად, ყოველთვის ვპოულობ მეგობრებს ან უბრალოდ საერთო ინტერესის მქონე ადამიანებს, რაც ცხოვრებას ბევრად საინტერესოს, სასიამოვნოს და სრულყოფილს ხდის.

განვლილი სემესტრიდან თითქმის ყველაფერი სასიამოვნოდ მახსენდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ორწლიანი პანდემიიდან მოვხვდი ქვეყანაში, სადაც პირბადის ტარებაც კი არაა სავალდებულო. მენატრებოდა სააუდიტორიო სწავლება, ბიბლიოთეკაში მეგობრებთან ერთად მეცადინეობა ან დროის „უაზროდ“ გაყვანაც კი. ვცხოვრობ სტუდენტურ საცხოვრებელში, სადაც ხშირად ვამზადებთ საერთო სადილს, განვაახლე სპორტულ დარბაზში სიარული, ვიყიდე ველოსიპედი და ა.შ. მოკლედ, დავუბრუნდი მონატრებულ სტუდენტურ ცხოვრებას. მსგავსი პროგრამები განსაკუთრებით სასიამოვნოა მათთვის, ვისაც ჩემსავით უყვარს მოგზაურობა, რადგან თუ კარგად დაგეგმავ, მცირე ბიუჯეტით შეგიძლია ბევრი საოცნებო ქვეყანა მოინახულო. ამ წერილის წერისას შვედეთში საშობაო არდადეგებია. მე, მეგობრებთან ერთად, დანიაში წამოვედი მატარებლით. ვზივართ მყუდრო კაფეში და კედელში შეჭრილი პატარა ფანჯრიდან გავყურებთ როგორ ათოვს კოპენჰაგენის საშობაოდ მორთულ ნავსადგურს. ასეთი მომენტები ქმნის ცხოვრებას.

  • განათლების საერთაშორისო ცენტრი სასტიპენდიო პროგრამების უმეტესობას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. რა რჩევას მისცემდით მომავალ კონკურსანტებსა და სტიპენდიატებს, მათ, ვინც სამომავლოდ აპირებს სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ?

სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს ცხოვრებისეული რჩევების გაცემა. ამისთვის ალბათ ბევრად მეტი გამოცდილებაა საჭირო. სამაგიეროდ, შემიძლია გაგიმხილოთ, ჩემი აზრით, რა არის ნებისმიერი წარმატების საიდუმლო ჩემს შემთხვევაში: გულწრფელი სურვილი იმის, რასაც მიზნად ვისახავ და ცხადია, იღბალი.

  • როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მთავარი გეგმა უცვლელია: მივიღო განათლება იქ, სადაც ყველაზე უკეთაა შესაძლებელი და მოვახმარო ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ალბათ ეს იქნება ჩემი თხოვნაც სხვა სტუდენტების მიმართ. ჰო, და ცხადია, სწავლასთან ერთად გართობაც არ დაგავიწყდეთ ))

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები