საზღვარგარეთ სწავლისას უმთავრესი სირთულე დროის სწორად და სასარგებლოდ გამოყენებაა – ინტერვიუ დავით გვენეტაძესთან
- დავით, თქვენ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 სასწავლო წლის სტიპენდიატი ბრძანდებით. მოგვიყევით საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოცდილების შესახებ.
მიმდინარე წელს გავიმარჯვე განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამაში – საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2021-2022 და ამჟამად ვსწავლობ ბუცერიუსის სამართლის სკოლის სამართლისა და ბიზნესის მაგისტრატურაზე, ქალაქ ჰამბურგში (გერმანია). ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობის გარდა, შემიძლია პირადი დაკვირვებითაც დავადასტურო, რომ ეს სკოლა ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებელია უცხოელი სტუდენტებისთვის. უმაღლესი სასწავლებელი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მრავალმხრივ განათლებას, რაც განპირობებულია ლექტორების საფუძვლიანი ცოდნა-გამოცდილებით ბიზნესისა და სამართლის სფეროში, უშუალოდ სასწავლებლის ხელმძღვანელების პროფესიონალიზმით, მათი დამოკიდებულებით სტუდენტებთან, ასევე სასწავლებლის მჭიდრო კონტაქტებით სამეცნიერო, ბიზნეს და იურიდიულ წრეებთან. მაგალითად, ოქტომბერში ბუცერიუსის სამართლის სკოლის ორგანიზებით სტუდენტები ადგილზევე შევხვდით ათეულობით გერმანული, უცხოური და საერთაშორისო კომპანიებისა და იურიდიული ფირმების წარმომადგენლებს სტაჟირების პროგრამებთან დაკავშირებით. ნოემბერში სამი დღის განმავლობაში იმართებოდა შეხვედრები ქალაქ ბერლინში ამავე მიზნით; სხვა კომპანიები კი პერიოდულად სტუმრობენ ბუცერიუსს სტაჟიორების მისაზიდად.
კურსზე 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის 41 სტუდენტი ვართ, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის პროგრამას, რადგან ლექციებზე ხშირად განვიხილავთ ამ ქვეყნების კანონმდებლობისა და ბიზნესისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს და მათ მიმართებას საერთაშორისო პრაქტიკასთან. ამავდროულად, უკეთ ვეცნობით ერთმანეთის კულტურას, ტრადიციებს და ვაყალიბებთ მეგობრულ ურთიერთობებს, რაშიც სკოლის ადმინისტრაციაც აქტიურად გვეხმარება არაფორმალური ღონისძიებების ჩატარებით.
- გაიხსენეთ ის ეტაპები, რომელიც სტიპენდიის მოპოვებამდე გაიარეთ. რამდენად რთული იყო ცენტრის კონკურსში გამარჯვება? რამდენად მარტივი და გამჭვირვალე იყო სასტიპენდიო კონკურსის ეტაპები?
კონკურსში მონაწილეობის პარალელურად, მოწვევებსა და სტიპენდიებს ვიღებდი სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან, რომელთაგან სამი უპირატესი შევარჩიე, რადგან ვიცოდი, რომ მათი პროგრამები უკეთ შეესაბამებოდა განათლების საერთაშორისო ცენტრის პრიორიტეტებს და ჩემს პროფესიულ გეგმებს. ვფიქრობ მეტი ძალისხმევა სამოტივაციო წერილებზე დავხარჯე, რათა მიმღები უნივერსიტეტებისთვის და ცენტრისთვის მოკლედ, ნათლად და დამაჯერებლად უნდა წარმედგინა ჩემი კანდიდატურა; დამესაბუთებინა სასწავლო პროგრამაზე დასწრების საჭიროება, საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის ქონა და მომავალში სარგებლის მოტანის შესაძლებლობა.
თავიდან ძალიან რთული მეჩვენა კონკურსის ეტაპები, მაგრამ რადგან თანმიმდევრობით და ინსტრუქციების შესაბამისად მივყვებოდი საფეხურებს, ეს დამოკიდებულება მალევე შემეცვალა. ეტაპების წარმატებით გადასალახად განსაკუთრებით ყურადღებით ვაგროვებდი დოკუმენტაციას; მონაცემების წარსადგენ ვადამდე ბევრჯერ ვამოწმებდი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეს. გაურკვევლობისას კი ვრეკავდი ცენტრის საკონსულტაციო ნომერზე, რაც არაერთხელ დამეხმარა საკითხის დაზუსტებაში.
- თქვენი გამოცდილებით, რა არის მთავარი სირთულე საზღვარგარეთ სწავლის პროცესში და რა გახსენდებათ ყველაზე სასიამოვნოდ განვლილი სემესტრიდან?
ჩემი აზრით, საზღვარგარეთ სწავლისას უმთავრესი სირთულე დროის სწორად და რაც შეიძლება სასარგებლოდ გამოყენებაა. სასწავლო მასალის სიდიდის, სირთულის ხარისხისა და შეზღუდული დროის გამო, მუდმივად უნდა შრომობდე: კითხულობდე, ხვეწდე წერით და საკომუნიკაციო უნარებს. განსაკუთრებული ყურადღება და მოქნილობა გჭირდება ჯგუფურ, ინდივიდუალურ დავალებებზე მუშაობისას და გამოცდების დროს. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ბუცერიუსის სამართლის სკოლის სასწავლო პროგრამა ისეთია, როგორიც წარმომედგინა – მრავალმხრივი და შრომატევადი, რომლის მიზანია კონკურენტუნარიანი პროფესიონალების ჩამოყალიბება.
განვლილი სემესტრიდან სასიამოვნოდ გასახსენებელი მართლაც ბევრია, მაგრამ მოკლედ რამდენიმეს გამოვყოფდი – ქალაქ ჰამბურგის და ბერლინის გაცნობით ტურებს, ჯგუფელების ქვეყნების პრეზენტაციებს, გამოცდების დასრულების ერთად აღნიშვნას, ასევე, მოხალისედ მუშაობას სოციალური პროექტის ფარგლებში. მსგავს შეკრებებში მონაწილეობა გვეხმარება განტვირთვაში.
- განათლების საერთაშორისო ცენტრი უახლოეს მომავალში ახალ სასტიპენდიო კონკურსებს გამოაცხადებს. რა რჩევას მისცემდით მომავალ კონკურსანტებსა და სტიპენდიატებს, მათ, ვინც სამომავლოდ აპირებს სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ?
მომავალ კონკურსანტებს პირველ რიგში ვურჩევდი სწორად განსაზღვრონ, თუ რა მიმართულებით აპირებენ სწავლის გაგრძელებას უცხოეთში, აირჩიონ პროფესიის ის ცალკეული სპეციალიზაცია და სასწავლო პროგრამა, რაც სტუდენტებს ხელს შეუწყობს მომავალში მნიშვნელოვნად ასარგებლონ საზოგადოებაც. კონკურსანტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მათთვის საინტერესო პროგრამების კურსდამთავრებულებს, გაეცნონ მათ გამოცდილებას, გაიზიარონ რჩევები, რამაც შეიძლება გავლენაც კი იქონიოს საბოლოო არჩევანზე.
კონკურსანტებს ასევე ვურჩევდი, რომ სხვა დეტალებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ სამოტივაციო წერილის შინაარსსა და დასაბუთებაზე; რეზიუმეს (CV) ფორმასა და გამართულობაზე; მკაცრად აკონტროლონ საკონკურსო ვადები. რაც ყველაზე მთავარია, მუდმივად, გაუჩერებლად იმუშაონ ნებისმიერი წარმატების, თუ წარუმატებლობის პირობებში.
- რით იყო მნიშვნელოვანი თქვენთვის 2021 წელი?
შესაძლებლობების თვალსაზრისით 2021 წელი ჩემთვის გამორჩეული იყო, რადგან გავიმარჯვე განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსში; სწავლა დავიწყე სამართლისა და ბიზნესის მაგისტრატურაზე; ვურთიერთობ გამოცდილ, წარმატებულ პროფესორებთან და ნიჭიერ, მოტივირებულ სტუდენტებთან; ვუკავშირდები ბიზნესისა და სამართლის აკადემიურ და პროფესიულ წრეებს.
ასევე, მოწვევა მივიღე ერთ-ერთი გერმანული იურიდიული ფირმიდან (GvW Graf von Westphalen), სადაც მარტიდან დავიწყებ სტაჟირებას კერძო და საკორპორაციო სამართლის მიმართულებებით. შესაბამისად, შემეძლება ბუცერიუსის სამართლის სკოლაში მიღებული ცოდნა პრაქტიკული გამოცდილებითაც გავამყარო და უკეთ მოვემზადო მომავალი საქმიანობისთვის.
სიახლეა ისიც, რომ კონკურსის საფუძველზე, შემარჩიეს სასწავლო კურსისთვის “Law Without Walls”, რომელშიც სხვადასხვა უცხოური უნივერსიტეტის სტუდენტები ჯგუფებად მივიღებთ მონაწილეობას და მარტში სამი დღით გავემგზავრებით ესპანეთში, სეგოვიას სამართლის სკოლაში, სადაც გაიმართება შემაჯამებელი ღონისძიებები.
სასიხარულო იყო როდესაც, გამომცემლობა – Eliva Press-ის ინიციატივითა და დაფინანსებით წიგნად გამოიცა ჩემი ინგლისურენოვანი სამართლის სტატიები, რომელიც საერთაშორისო მკითხველისთვის ხელმისაწვდომია საიტზე Amazon.com. (იხ. ბმული: https://www.elivapress.com/en/authors/author-1871025044/)