კორონავირუსს უხუცესი სასულიერო პირი, დეკანოზი ელგუჯა ლოსაბერიძე ემსხვერპლა

21 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უხუცესი დეკანოზი, თბილისის წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა ელგუჯა ლოსაბერიძე გარდაიცვალა.

ახლობლების ინფორმაციით, მამა ელგუჯას კოვიდი ჰქონდა და ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსული ინფექციის შედეგად გაურთულდა.

დეკანოზი კლინიკაში მკურნალობდა.

ახლობლების ინფორმაციითვე, ექიმები ყველა ღონეს ხმარობდნენ მის გადასარჩენად, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც მამა გურამ ჭარელაშვილი აცხადებს, დეკანოზი კლინიკაში გარდაიცვალა და მისი ცხედარი სახლში გადაასვენეს.

„მამა ელგუჯა კლინიკაში გარდაიცვალა, უხუცესი სასულიერო პირი იყო, ჩვენი უწმინდესის პლეადა, მისი ასაკის არავინ არის ახლა ძველი პლეადიდან. 78 წლის ამაგდარი სასულიერო პირი გახლდათ და წლების მანძილზე მოღვაწეობდა ჩვენს ტაძარში. კლინიკაში გარდაიცვალა და იქიდან წამოაბრძანეს“, – ამბობს მამა გურამ ჭარელაშვილი.

მამა ელგუჯა 1972 წელს აკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდლად. 1981 წლიდან კი თბილისის წმიდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვრად განამწესეს და მას შემდეგ ამ ტაძარში მსახურობდა.
ნახევარ საუკუნეზე მეტი ემსახურა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. 1982 წელს მისი თაოსნობით ტაძარი გარემონტდა, კედლები შეიღება, თუნუქით გადაიხურა, ხოლო ტაძრის დასავლეთით გადაღობილი ნაწილი გაიხსნა, შეიძინეს ეკლესიისთვის საჭირო ნივთები. ტაძრისთვის დაიწერა წმინდა ბარბარეს, წმინდა დარიას, წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს, წმინდა თამარ მეფის, წმინდა ქეთევან წამებულის, წმინდა დავით აღმაშენებლის და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები. როგორც ახლობლები ამბობენ, სასულიერო პირი ვაქცინირებული არ იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები