ვეფხვია გულედანი – „აზარტულ თამაშებში ბევრი მოზარდია ჩართული, მათი ფსიქიკა, ფინანსური მდგომარეობა ზარალდება, დაგეგმილ რეგულაციებს ვემხრობით“
„საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ვეფხვია გულედანის განცხადებით, აზარტული თამაშების სფეროს რეგულირების შესახებ კანონპროექტი დროული და აუცილებელია. ამის შესახებ გულედანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფრენციაზე ისაუბრა.
„ინიციატივა საკმაოდ მრავალფეროვანია, საკმაოდ დიდ სეგმენტს მოიცავს. გარდა იმისა, რომ არის აზარტული თამაშები, ეს, პირველ ყოვლისა, ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანებს ეხებათ. ჩემდა გასაკვირად, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილია, რომელიც მიიჩნევს, რომ ე ეს კანონპროექტი არასწორია, თუმცა, საბედნიეროდ, საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს კანონპროექტი დროული და აუცილებელია. რეალობაში საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს. არ არსებობს ადამიანი, რომლის გარშემოც არ იყოს პირი, რომელიც შეიძლება, თამაშდამოკდიებული იყოს. ბევრი მოზარდია ამ წრეში ჩართული. ზარალდება მათი ფსიქიკა, ჯანმრთლობა, ფინანსური მდგომარეობა, თამაშდამოკდიებულები ხდებიან.
2020 წლის მონაცემებით, აზარტული თამაშების კომპანიებმა 32 მილიარდ 900 მილიონი ლარის ბრუნვა აჩვენეს, რაც საკამოდ დიდი რიცხვია ჩვენი ეკონომიკის, სიდუხჭირის ფონზე. ეს ერთგვარი ტრაგედიაა.
პრემიერის ინიციატივას, რომ კანონპროექტით აზარტული თამაშების სექტორის რეგულირება მოხდეს, თავიდან ბოლომდე ვემხრობით.
საუბარია მომავალ თაობაზე, რომელიც, პრაქტიკულად, დატყვევებულია იმ სარეკლამო სივრციდან გამომდინარე, სადაც იხარშება უზარმაზარი თანხები იმისათვის, რომ აზარტული თამაშების რეკლამირება მოხდეს“, – განაცხადა გულედანმა.
შეგახსენებთ, პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი 17 დეკემბერს დაუჭირა.
პროექტი, აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებული პირის და აკრძალული პირის ცნების განსაზღვრას და მოთამაშის 25 წლამდე ასაკის აწევას ითვალისწინებს.
ცვლილებებით, ასევე, განსაზღვრულია დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიის განმარტება, რეგულირდება ონლაინთამაშების რეკლამირება, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ეკრძალებათ საჯარო მოხელეებს.
„კანონპროექტის მიზანია, რომ მაქსიმალურად შეეზღუდოს წვდომა იმ რისკჯგუფებს და იმ სეგმენტს, რომელიც არის ძალიან მოწყვლადი და არ მოხდეს წახალისება ამ სექტორის და ამ ბიზნესის. ძალიან მიკვირს, როდესაც უნდათ ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა. იმისთვის, რომ ტელევიზიების ინტერესი ყოფილიყო გათვალისწინებული, შევეცადეთ, მაქსიმალურად მიგვეცა ის მოცემულობა და ის დრო, რომელიც გარემოებებიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო. ჩვენი მხრიდან, ამ საკითხთან მიმართებით, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ყველა შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, ის რიტორიკა, რომლითაც უნდათ კანონპროექტი დააზიანონ და საზოგადოებრივი აზრი შეცვალონ, ვერ მოხდება, რადგან თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ამ კანონპროექტის მიღება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონპროექტი იქნება ერთ-ერთი გარდამტეხი ამ პრობლემასთან ბრძოლაში“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე.