გიორგი ბარამიძე: კვდებოდა და მაშინ არ შემოუთვლია ულტიმატუმი – სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, მეგობრებს ეუბნებოდეს, თქვენი სიცოცხლე სასწორზე შეაგდეთო
“არ არის მიხეილ სააკაშვილი ისეთი ადამიანი, რომ თავის მეგობრებს და თანამებრძოლებს ეუბნებოდეს, თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სასწორზე შეაგდეთო”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომელიც პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
მისივე თქმით, შიმშილობის დაწყება პარტიის გადაწყვეტილებაა.
„შიმშილობა არის პროტესტის რადიკალური და უკიდურესი, მაგრამ ამავდროულად მშვიდობიანი და არაძალადობრივი ფორმა. გამომდინარე ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან, რომელიც უმძიმესია, მოგვარებას საჭიროებს და პოლიტიკური პროცესის თითოეული მონაწილისგან უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს. სწორედ ამიტომ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენი პროტესტი ყოფილიყო უკიდურესი და ამავდროულად მშვიდობიანი, რადგან თუკი რაიმეს შეუძლია სიკეთე მოუტანოს ჩვენს ქვეყანას, ამას ხელი არ შეუშალოს. მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა და მაშინ არ შემოუთვლია ულტიმატუმი და ახლა რატომ შემოგვითვლიდა ულტიმატუმს? ის არ არის ისეთი ადამიანი, რომ თავის მეგობრებს, თანამებრძოლებს ეუბნებოდეს, თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სასწორზე შეაგდეთ და გინდათ მოკვდით, გინდათ არ მოკვდეთო”,- განაცხადა ბარამიძემ.