გიორგი პერტაია: პროფესიული უნარების სააგენტო კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის უნიკალურ მოდელია, რომელიც ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროგრამების დანერგვას

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორობით პროფესიული უნარების სააგენტო დაფუძნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს დაფუძნების ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მიმართეს და სააგენტოს საქმიანობის ძირითადი ასპექტები გააცნეს. გიორგი პერტაიას განცხადებით, უნარების სააგენტო წარმოადგენს კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის უნიკალურ მოდელს, რომელიც მოემსახურება ქვეყანაში პროფესიული განათლების ხარისხის ზრდას, ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული პროგრამების დანერგვას, ინოვაციური სწავლების მხარდაჭერასა და უკეთესი დასაქმების შესაძლებლობებს.

უნარების სააგენტოს მართვას ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან ქვეყანაში მოქმედი 6 უმსხვილესი – არასექტორული ბიზნეს მხარდამჭერი ორგანიზაცია/ასოციაცია და 6 სექტორული სამინისტრო. მანდატების თანაბარი გადანაწილება ხელს შეუწყობს დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღებას, ამასთან, კერძო სექტორი მაღალი ლეგიტიმაციით იქნება წარმოდგენილი პროფესიული განათლების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები