რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის 2021 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი 2021 წელს მეთორმეტედ გაიმართა. სულ 75 საკონკურსო მოთხრობა და ნოველა შევიდა.
პრემიები ასე განაწილდა:
I პრემია – ანზორ სიფრაშვილი („ქვევრი“);
II პრემია – ეკატერინე ფავლენიშვილი („ბროლის ქალწული“);
III პრემია – ფიქრია ყუშიტაშვილი („შეტყობინება“).
გარდა ამ სამი მოთხრობისა, ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ნინო არსენაშვილი, ჯუმბერ გოგრიჭიანი (ჯუბა ღებელი), თამაზ ხმალაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი (თავმჯდომარე), გამოავლინა 2021 წლის კონკურსის საუკეთესო მოთხრობები. მათი ავტორები: მაგდა გორგიძე, გია ხუბუა, იოსებ იარღანაშვილი, გიორგი პაპუაშვილი, დათია ბადალაშვილი, თამარ ამირხანაშვილი სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. ჟურნალ „ანეულის“ პრიზის მფლობელი გახდა მაია დიაკონიძე.
დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე  კახაბერ ლაბუჩიძე.
წლევანდელი კონკურსისთვის პრიზები დააწესეს: ცნობილმა მხატვარმა, ესეისტმა, მრავალი საერთაშორისო გამოფენის ავტორმა, რეზო (ემელიანე) ადამიამ, ასევე – სამაჩაბლოელმა ხელოვანმა, ხელნაკეთი სამკაულებისა და აქსესუარების სახელოსნოს „ზილფი ჰენდმეიდის“ დამფუძნებელმა ფატი კახნიაშვილმა; ხელოვანმა ნინო სალუქვაძემ; 124-ე საჯარო სკოლის პედაგოგებმა – იზო სამუშიამ და ცისმარ ყურაშვილმა; იტალიაში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა, პავიის უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტის მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორმა, მწერალმა სოლომონ ნერგაძემ.
რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის პრემიის დიპლომი და მთავარი პრიზი კონკურსგარეშე – ქართულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის – გადაეცა მწერალ მაკა ჯოხაძეს.
კონკურსის თანამდგომია საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორი ბესიკ ღვინაშვილი.
რევაზ ინანიშვილის სახელობის ერთი მოთხრობის კონკურსში გამარჯვებულებს პრემია ყოველწლიურად, 20 დეკემბერს, რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეს, გადაეცემათ.
მწერალს წელს 95 წელი შეუსრულდებოდა.
კონკურსი, რომლის დამაარსებელი პოეტი და ჟურნალისტი თამარ შაიშმელაშვილია, 2010 წლიდან არსებობს ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულთან“.
კონკურსი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანადგომით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები