ბადრი ჯაფარიძე: შეთანხმება ყველას მხრიდან მოითხოვს კომპრომისს, ამაზე ვისაუბრეთ პრეზიდენტთან
“შეთანხმება, რა თქმა უნდა, ყველას მხრიდან მოითხოვს კომპრომისს, მზაობასა და ნდობას. ამაზე ვისაუბრეთ პრეზიდენტთან”, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, პროცესი, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო, რთული იქნება.
„ეს ძალიან რთული პროცესი იქნება, მაგრამ ამავე დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი სახელმწიფო ერთხელ და სამუდამოდ შედგეს და მოვახერხოთ საზოგადოების გამთლიანება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ყველა ერთსა და იმავე პოზიციაზე არც ვყოფილვართ და არც ვიქნებით, მაგრამ არსებობს სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი თემები, რომლის ირგვლივაც უნდა შევთანხმდეთ. შეთანხმება, რა თქმა უნდა, ყველას მხრიდან მოითხოვს კომპრომისს, მზაობას და ნდობას. ამაზე ვისაუბრეთ პრეზიდენტთან. ეს პროცესი ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად უნდა დაიძრას და ამაში ყველამ წვლილი უნდა შევიტანოთ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ