იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში კონკურსის „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
მინისტრმა ყველა გამარჯვებულ კონკურსანტს მიულოცა და აღნიშნა, რომ კონკურსი მომავალშიც გაგრძელდება.
„ამ პრემიის დამფუძნებელმა, კულტურის სამინისტრომ, წელს პირველად მოვაწყეთ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში. ამიტომაც, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ვახტანგ კახიძეს. მე მახსოვს ჩვენი პირველი საუბარი, როდესაც მას ვთხოვე, ეს ღონისძიება ამ ცენტრში გამართულიყო. ბატონი ვახტანგი ამ შეთავაზებას ხალისით დათანხმდა და თავის ორკესტრთან ერთად (რომელსაც ასევე დიდ მადლობას ვუხდი) მართლაც მაღალ დონეზე ჩაატარა ბავშვებისა და მწერლებისთვის ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება. ჩვენ წელს გავაორმაგეთ ბიუჯეტი ამ კონკურსისთვის. წელს ის სამინისტროს მხრიდან 100 000 ლარით დაფინანსდა. რა თქმა უნდა, ეს კონკურსი მომავალშიც გაგრძელდება და იმედი მაქვს, დიდ წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყანაში საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის განვითარებაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ლიტერატურული კონკურსი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით ჩატარდა და მის ფარგლებში „შემოქმედებით საქართველოს“ 43-მა განმცხადებელმა მიმართა.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ 8 ნომინაციაში და გაიცა 9 პრემია. ესენია:
1. ნომინაციაში საუკეთესო პოეტური წიგნი გამარჯვებული – „ნეტავ, მალე გავიზრდები?!“, გამომცემლობა „პალიტრა L“, ავტორი – ვასო გულეური;
2. ნომინაციაში საუკეთესო პროზაული წიგნი (პატარებისთვის, 7 – 12 წელი) გამარჯვებული – „ატუსა და მატუსა“, ავტორი – ლელა ცუცქირიძე;
3. ნომინაციაში საუკეთესო პროზაული წიგნი (ყმაწვილებისთვის 13+) გამარჯვებული – „კაცი და მისი უცნაური პიანინო“, ავტორი – გურამ პეტრიაშვილი;
4. ნომინაციაში საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (პატარებისთვის, 7 – 12 წელი) გამარჯვებული – „დიიიდი ნუნუ“, „ელფის გამომცემლობა“, ავტორი – გიორგი ჭაუჭიძე, მხატვარი – ულიანა მესხი;
5. ნომინაციაში საუკეთესო საბავშვო დრამატურგია გამარჯვებული – საბავშვო პიესა თოჯინური სპექტაკლისათვის „კუ კურიერი და სხვები“, ავტორი – ელენე მაცხონაშვილი;
6. ნომინაციაში საუკეთესო დებიუტი გამარჯვებული – „დიიიდი ნუნუ“, „ელფის გამომცემლობა“, ავტორი – გიორგი ჭაუჭიძე;
7. ნომინაციაში საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო – საყმაწვილო წიგნი, გამარჯვებული „ბაბუაჩემი ალუბლის ხე იყო“, გამომცემლობა „აგორა“, ავტორი – ანჯელა ნანეტი, მთარგმნელი – როზა ოდიშვილი;
8. ნომინაციაში საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი, გამარჯვებული – „უჩვეულო კვირადღე“, გამომცემლობა „ბაკმი“, ავტორი – მარიამ წიკლაური;
9. ნომინაციაში საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის გამარჯვებული – გამომცემლობა „მერანი“-ს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი, მწერალი მაყვალა გონაშვილი.
თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენდა 5000 ლარს (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით).
ღონისძიების რეჟისორი იყო გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკა საბაშვილი, ხოლო მუსიკალურად საღამო გააფორმა თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. შესრულდა ზ. ფალიაშვილის, რ. ლაღიძის, ჯ. როსინის, ჰ. ბერლიოზის, ჟ. ოფენბახის, ჟ. ბიზეს, ი. შტრაუსისა და გ. მილერის ნაწარმოებები. ამასთან, გამარჯვებულთა დაჯილდოებამდ, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ფოიეში გაიმართა პერფორმანსი – მოწვეულმა სტუმრებმა მცირე დარბაზის ერთ ნაწილში იხილეს კოსტუმირებული მსახიობები, რომლებიც განასახიერებდნენ იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოების გმირებს, ხოლო მცირე დარბაზის მეორე ნაწილში ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისა და „ნიჭიერთა ათწლედის“ საგუნდო და ინსტრუმენტული ანსამბლების მიერ მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდა. დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს თეატრალური სტუდია ,,დებიუტის” მოსწავლეებმა. საღამოს უძღვებოდა ნიკოლოზ წულუკიძე. ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერი იყო ტელეკომპანია “იმედი”.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას საკანონმდებლო ხელისუფლების, ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები, ასევე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვები დაესწრნენ.
ინფორმაციისთვის, კონკურსი „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მოსაპოვებლად მიმდინარე წლის 7 სექტემბერს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით გამოცხადდა. კონკურსის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები