არძინბამ ლავროვთან “საქართველოს მილიტარიზაცია” და შავ ზღვაში შექმნილი ვითარება განიხილა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა სოჭში, სხვა საკითხებთან ერთად, “საქართველოს მილიტარიზაცია”, შავი ზღვის რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილა.

ამის შესახებ თავად არძინბამ თქვა.

„დიალოგი შედგა საკითხთა ფართო სპექტრზე – სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, კულტურა, ტურიზმი. პირველ ყოვლისა, განვიხილეთ სიტუაცია რეგიონში, შავ ზღვაში, რეგულარული წვრთნები, რომელიც მიმდინარეობს ნატო-ს ინიციატივით, საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით. ეს არის სისტემური წვრთნები, რომლებიც მუდმივად ტარდება, პლუს, საქართველოს მილიტარიზაციის საკითხები. განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც ჟენევის დისკუსიებშია აქტუალური. ამ ფორმატს აფხაზეთის რესპუბლიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”, – აღნიშნა ინალ არძინბამ.

არძინბამ ასევე ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო პოლიტიკის გაძლიერების გეგმებზე.

„ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მედიაცენტრის შექმნის შესაძლებლობა. მედიაცენტრის მექანიზმი ითვალისწინებს სწრაფ რეაგირებას აფხაზეთის წინააღმდეგ საინფორმაციო პროვოკაციებზე, რაც მიზნად ისახავს აფხაზეთის საინფორმაციო პოლიტიკის გაძლიერებას“, – განაცხადა ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის შემადგენელ სუბიექტებთან ე.წ. რესპუბლიკის ურთიერთქმედების გაძლიერებას.

„ამ კონტექსტში, განვიხილეთ აფხაზეთის საინვესტიციო ფორუმის შექმნა, როგორც სადისკუსიო პლატფორმის დაწყების შესაძლებლობა, რომელიც ჩატარდება რუსეთის ფედერაციის რეგიონებში, სადაც არის აფხაზეთსა და შესაბამის რეგიონს შორის თანამშრომლობის პოტენციალი. ფორუმი საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ სწორად წარმოვადგინოთ აფხაზეთის რესპუბლიკის საინვესტიციო პოტენციალი და, რა თქმა უნდა, მოვიზიდოთ ინვესტორთა ჯგუფები აფხაზეთში. ვგეგმავთ ამ სამუშაოს განხორციელებას აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან და ყველა დაინტერესებულ ინსტიტუტთან ერთად“, – აღნიშნა ინალ არძინბამ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები