ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილი „საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის” პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ შეთანხმება” განიხილა, რომლის შესაბამისად, საქართველო „შემოქმედებითი ევროპის” პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც ასოცირებული ქვეყანა და კულტურის, ინტერსექტორული და მედიის მიმართულების ყველა ღონისძიებაში ჩართვის შესაძლებლობა გაუჩნდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის” ორი უმთავრესი მიზანია: ევროპული კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების დაცვა, განვითარება და პოპულარიზაცია; კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების, განსაკუთრებით კი აუდიო-ვიზუალური სექტორის კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება.

“სხდომაზე ასევე, განიხილეს „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა” საქართველოს მონაწილეობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება”, რომლის თანახმად, საქართველო „ჰორიზონტი ევროპის” პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც ასოცირებული ქვეყანა და კონტრიბუციას განახორციელებს ამ პროგრამის ყველა ძირითად ნაწილში, რომელიც ევროკავშირის 2021/695 რეგულაციით არის გათვალისწინებული – მეცნიერება, გლობალური გამოწვევები და სამრეწველო კონკურენტუნარიანობა, ინოვაციური ევროპა, მონაწილეობის გაზრდა ევროპულ კვლევით ზონაში (ERA) და მისი გაძლიერება.

„ჰორიზონტი ევროპა” კვლევისა და ინოვაციის სფეროში, ევროკავშირის ძირითადი დაფინანსების პროგრამაა, რომელიც აფინანსებს კვლევებს კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას და ევროკავშირის კონკურენტუნარიანობასა და ზრდას უწყობს ხელს.

კომიტეტის წევრებმა, სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტების რატიფიკაციას მხარი დაუჭირეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები