გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი თანმდევ ორ კანონპროექტთან ერთად პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა.
პარლამენტის ინფორმაციით, თანმდევი კანონპროექტებია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.
როგორც მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, საკანონმდებლო პაკეტში თავდაპირველად რვა კანონპროექტი იყო, მაგრამ ინიციატორებმა კონსულტაციების შედეგად, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ხუთი მათგანის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ეს კანონპროექტებია: „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „აკვაკულტურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.