გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „აკვაკულტურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა – კანონპროექტი „აკვაკულტურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მხარი ერთხმად დაუჭირა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტით, ძირითადად, ვადის გადაწევა ხდება – კანონის მე-40 მუხლს ემატება პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს მთავრობის მხრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონების და ამ ზონების მართვის გეგმების დამტკიცებას. „ეს ვალდებულება ამ წლის ბოლომდე იყო განსაზღვრული, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის აუცილებელია, აქ ჩავრთოთ საერთაშორისო ექსპერტები, კონკრეტულად FAO -ს ექსპერტები, ამიტომ ვითხოვთ, რომ ეს ვალდებულება გადავიდეს და მომდევნო წლის ბოლომდე შევასრულებთ კანონქვემდებარე აქტების გამოცემის ვალდებულებას”, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ასევე მეორე მოსმენით განსახილველად წარადგინა კანონპროექტი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომელიც ითვალისწინებს თუშეთის ეროვნული პარკის, თუშეთის ნაკრძალის და თუშეთის დაცული ლანდშაფტისთვის ახალი საზღვრების განსაზღვრას. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტებს მეორე მოსმენისთვის ცვლილებები არ განუცდიათ. კომიტეტმა მთავრობის კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა – კანონპროექტი „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომელიც ასევე დემარკაციას ეხება, მესამე – საბოლოო მოსმენით განიხილა. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტში რედაქციული ხასიათის ცვლილებები განხორციელდა.

კომიტეტმა „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტებსაც მხარი ერთხმად დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები