ბადრი ჯაფარიძე: ვფიქრობ, პოლიტიკურ აქტორებს შორის თანხმობის მიღწევა აუცილებელია
“ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პოლიტიკოსებს შორის ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე თანხმობის მიღწევა აუცილებელია.
მისივე თქმით, ის, რომ ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დიალოგის დაწყების პროცესში ჩაერთო, კარგია.
„მივესალმებით მის ჩართვას ამ პროცესში. მას ჰქონდა შეხვედრა ზურაბიშვილთან, უნდა შეხვედრა სააკაშვილთან და ამის უფლება მას მგონი აბსოლუტურად აქვს. ყველამ ფიქრი უნდა დავიწყოთ, თუ როგორ მივაღწიოთ თანხმობას ქვეყნის ძირითად პრობლემებზე. ალბათ, შეთანხმება ყველაფერზე ვერ შედგება, შეიძლება, ამ პროცესის ძალიან ამბიციური სახელწოდება იყოს „შერიგება“, მე ვფიქრობ, აუცილებელია თანხმობის მიღწევა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე პოლიტიკურ აქტორებს შორის. მნიშვნელოვანია ის პროცესი, რისი ინიცირებაც პრეზიდენტმა მოახდინა. პრეზიდენტის მიწვევას ველოდებით, მზად ვართ, რომ ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ, რასაც ჰქვია თანხმობის მიღწევის მცდელობა პოლიტიკურ აქტორებს შორის. ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ერთ ან ორ კვირაში შეიძლება ყველა პრობლემა გადაიჭრას, რაც დაგროვდა, მაგრამ აუცილებელია, პროცესი შედგეს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.