გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოს დაცვის მიმართულებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში მოისმინა.
პარლამენტის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა კანონმდებლებს ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ამოცანების შესახებ და მათი შესრულების მიმართულებით სამინისტროს მხრიდან განხორცილებული საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმები და აღსანიშნავია ტყის მდგარდი მართვის მიმართულებით არსებული პროგრესი.
„გეგმები არის ძალიან ბევრი, გამოწვევები სატყეო სექტორს აქვს ძალიან ბევრი, ეს ეხება როგორც ტყეების ინვენტარიზაციას, ასევე ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტებს. ამ მიმართულებით რიგი საკანონმდებლო ცვლილებები ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს და მიმდინარე განხილვის ეტაპზეა პარლამენტში იმისთვის, რომ უფრო გამკაცრდეს მიდგომები ხე-ტყით უკანონო სარგებლობის შემთხევაში”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი ინფორმაციით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი თევზის პროდუქტებით ვაჭრობა და შავი ზღვის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის გამყარებაა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობენ ასევე ევროკომისიასთან და მუშაობენ იმისათვის, რომ საბოლოოდ მაგვარონ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა დაურეგულირებელი და უკანონო თევზჭერის შემცირება. ნინო თანდილაშვილის თქმით, გამკაცრდა წესები საქართველოს დროშის მოპოვებასთან დაკავშირებით იმ მცურავი საშუალებებისთვის, ვისაც სურს თევზჭერა საქართველოს დროშის ქვეშ განახორციელოს. აღნიშნული კუთხით კანონმდებლობის გამკაცრება ევროკომისიასთან შეთანხმებულია.
მომხსენებლის განცხადებით, ასოცირების დღის წესრიგის შესასრულებლად სავალდებულო საკითხებს შორისაა ასევე წყლის რესურსების მართვის კანონმდებლობა და წყლის რესურსების მართვის რეფორმა, ბირთვული უსაფრთხოების და რადიაციული დაცვის სფეროში თანამშრომლობა და რადიაქტიული ნარჩენების მართვის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა, ბიომრავალფეროვნების დაცვა და სხვა. ქვეყანას ამ მიმართულებით ახალი კანონის მიღების ვალდებულება აქვს, მინისტრის მოადგილის თქმით, კანონპროექტი შემუშავებულია და გადამუშავებულ ვერსიას უახლოეს ხანში შემოიტანენ პარლამენტში. „დასკვნისთვის ვიტყვი, გვაქვს რიგი ვალდებულებები, რომელთა შესრულება ასოცირების დღის წესრიგით ცოტა ადრე უნდა შესრულებულიყო, თუმცა აღვნიშნე თითოეული რეფორმის კომპლექსურობა და მნიშვნელობა, აუცილებლობა იმისა, რომ ამ რეფორმების განხორციელების პროცესში თანაბრად იყოს ჩართული კერძო სექტორი და სახელმწიფო უწყებები იმიტომ, რომ გარემოს დაცვის სფეროში აღებული ვალდებულებები არ ეხება მხოლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეს ეხება ყველა უწყებას თანაბარწილად და ამიტომ, მნიშვნელოვანია ყველას გააზრებული გვქონდეს ერთობლივად ის ვალდებულებები, რასაც ჩვენ ვიღებთ”, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იყო წარმოდგენილი.
„ვფიქრობ, განსაკურებით საყურადღებოა ის, რაც მინისტრის მოადგილემ გააჟღერა – ეს არის კერძო კომპანიების მხარდაჭერის პროგრამის ინიცირება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ასოცირების ხელშეკრულება, განსაკუთრებით გარემოს დაცვის მიმართულებით, დიდ ინვესტიციებს მოითხოვს კერძო სექტორის მხრიდან, რათა მათ გააუმჯობესონ საწარმოო ტექნოლოგიები.
საწარმოო ციკლის გაუმჯობესება თავისთავად ტექნოლოგიების გამოცვლას გულისხმობს და ის რამდენიმე კანონი, რაც მისაღებია ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მათი მიღება აუცილებლად დაკავშირებული უნდა იყოს სახელმწიფო შესაბამისი მხარდაჭერის პროგრამების ინიცირებასთან, რაც როგორც მოვისმინეთ, უკვე დაწყებულია დონორების და, მათ შორის, ევროკავშირის დახმარებით. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობაც, იმიტომ რომ ძალიან გაუჭირდება კერძო სექტორს ციკლი ასე მარტივად ჩაანაცვლოს, შესაბამისად, კომიტეტი მიესალმება ამ პროცესს და მომავალშიც ვფიქრობ, ეს საკითხი უფრო ფართო მხარდაჭერის პროგრამად უნდა გადაიქცეს”, – განაცხადა მაია ბითაძემ. კომიტეტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში ცნობად მიიღო.