დღეს რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან
20 დეკემბერს 15:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ქართულ ლიტერატურულ სივრცეში საუკეთესო ნაწარმოებებისა და ავტორების გამოვლენა, ახალგაზრდა ავტორთა შემოქმედების წარმოჩენა – პოპულარიზაცია და ლიტერატურულ პროცესებში წვლილის შეტანა.
კონკურსი, რომლის დამაარსებელია პოეტი და ჟურნალისტი თამარ შაიშმელაშვილი, 2010 წლიდან არსებობს ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულთან“ (ყოფილი „ხელეური“).
კონკურსის არსებობის მანძილზე გამოიცა ორი „კრებული – „ერთი მოთხრობა“ (2014 და 2019 წლებში). ამ უკანასკნელმა შეაჯამა კონკურსის ათი წელი და გამარჯვებული ავტორების ნაწარმოებები წარუდგინა მკითხველს.
რევაზ ინანიშვილის სახელობის ერთი მოთხრობის კონკურსში გამარჯვებულებს პრემია ყოველწლიურად, 20 დეკემბერს, რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეს, გადაეცემათ. მით უფრო, რომ დღეს რევაზ ინანიშვილს 95 წელი შესუსრულდებოდა.
კონკურსი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანადგომით ტარდება.