დავით ნარმანია დიდი ბრიტანეთის დელეგაციას შეხვდა

თბილისის არჩეული მერი დავით ნარმანია დიდი ბრიტანეთის საპარლამენტთაშორისო კავშირის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თვითმმართველობის რეფორმაზე, დედაქალაქის მოწყობასა და კომპეტენციებზე. სტუმრები ასევე საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებით და საარჩევნო პროცესში გამოვლენილი სირთულეებით დაინტერესდნენ. როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, რასაც საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიებიც ადასტურებენ.
„პირველად საქართველოს ისტორიაში დედაქალაქსა და 21 მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რაც არჩევნების გამჭვირვალეობასა და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას ნათლად ადასტურებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს დედაქალაქის განვითარების გეგმაზე. დავით ნარმანიამ სტუმრებს ამ მიმართულებით მის მიერ დასახული გეგმები გააცნო. როგორც მან შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, სულ მალე დაიწყება თბილისის გენერალური გეგმის შემუშავება, რის საფუძველზეც მოხდება დედაქალაქის გრძელვადიანი განვითარების დაგეგმარება. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ინვესტორებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე.
„ჩვენ ვგეგმავთ, აქტიურად განვავითაროთ კერძო-საჯარო პარტნიორობის პროგრამები, რაც კერძო ბიზნესის განვითარებას, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დიდი ბრიტანეთის საპარლამენტთაშორისო კავშირის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 20 ივლისს დაიწყო და დღეს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები