„ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ – დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
20 დეკემბერს, 17:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება ლიტერატურული კონკურსის – „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია და პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ლიტერატერატურული ტექსტების კრებულის პრეზენტაცია.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული კონკურსია, რომლის მიზანია მოზარდებში ცნობიერების ამაღლება კონფლიქტის ზონებისა და საქართველოს ოკუპაციიის შესახებ, მათთვის იმის შეხსენება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან, რომლებთანაც საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს. სოხუმის დაცემიდან სამი ათეული წლის შემდეგაც ვერ ხერხდება არამხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობების დასტაბილურება, თითქმის გაწყვეტილია კავშირი აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის, წლებთან ერთად რთულდება ისტორიული ურთიერთობების შენარჩუნება და ახალი თაობისთვის აფხაზეთი ნელ-ნელა იქცევა ისტორიულ წარსულად.
კონკურსი „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ ირაკლი შამათავას ლიტერატურული პროექტის ინსპირაციაცაა.
„ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“ – ასე ჰქვია ამ გახმაურებულ კრებულს, რომელშიც იდეის ავტორმა, მწერალმა ირაკლი შამათავამთავი მოუყარა თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებებს აფხაზეთის
თემაზე.
ეს კონკურსიც ამ მნიშვნელოვანი წიგნის – „ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“ ერთგვარი იდეური გაგრძელებაა, სადაც უკვე ახალი თაობის ხმები გაისმის. ამ წიგნს და კონკურსს ერთი იდეა აერთიანებთ – ახალ თაობას ვესაუბროთ არა ომზე, არამედ ვესაუბროთ მშვიდობაზე და იმაზე, რა იყო ომამდე.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა: თავდაპირველად, კონკურსში მონაწილე მოსწავლეთა ტექსტებიდან ჟიურის წევრემა: ნინო სადღობელაშვილმა, შორენა ლებანიძემ და ირაკლი შამათავამ შეარჩიეს საუკეთესო ათეული, რომელმაც 5-7 ნოემბერს, აჭარაში, იმპროვიზებულ ტურში მიიღო მონაწილეობა და ჟიურის მიერ
შეთავაზებული თემების მიხედვით შექმნა ახალი ტექსტები. სწორედ ამ ტექსტებმა მოიყარა თავი კრებულში „მოყევი აფხაზეთზე“.
წიგნის რედაქტორი ნინო სადღობელაშვილი კრებულის შესახებ:
„თქვენ წინაშეა კრებული, რომელშიც კონკურსის პირველი ტურის ფინალისტების და მეორე ტურის გამარჯვებული ავტორების ტექსტებია თავმოყრილი: ესეები, ჩანახატები, მოთხრობები. ყველა მათგანი მკითხველის ყურადღებას, უპირველესად, გულწრფელობის ხარისხით იპყრობს, რაც მათი ასაკისთვის ბუნებრივიცაა და, რაც მთავარია, სწორედ ეს გულწრფელობაა საჭიროც და იმედისმომცემიც აფხაზეთზე
ფიქრისა და დიალოგისთვის. ეს ახალგაზრდები მსჯელობენ ომზე, რომელიც პირადად არ უნახავთ, მის შესახებ ოჯახური ისტორიებიდან ან სკოლიდან, ან სულაც ინტერნეტიდან იციან, თუმცა აქვთ აფხაზ თანატოლებთან ურთიერთობის დიდი ინტერესი და მათი აზრის მოსმენის სურვილი. ფიქრობენ და სჯერათ, რომ სწორედ ახალ თაობაშია ჩატეხილი ხიდის აღდგენის ძალისხმევაც და მოწადინებაც“.
ლიტერატურული კონკურსის პარტნიორიები არიან – გამომცემლობა „ინტელექტი“ და კავკასიის
უნივერსიტეტი.