„მხატვარი და ეპოქა“ – შალომ კობოშვილის 145 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

22 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში შალომ კობოშვილის 145 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენა – „მხატვარი და ეპოქა“ გაიხსნება.
ეროვნული მუზუემის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის სიცოცხლის წლების (1876-1941) ამსახველი ეპოქა 150-მდე ექსპონატით.
შალომ კობოშვილი (1876-1941) საქართველოში მოღვაწე პირველი ებრაელი მხატვარია. მისი შემოქმედება დაკავშირებულია თბილისში ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმთან, სადაც ის ცხოვრების ბოლო წლებში დარაჯად მუშაობდა. კობოშვილმა ხატვა 61 წლის ასაკში სწორედ ებრაულ მუზეუმში დაიწყო და სამი წლის განმავლობაში, გარდაცვალებამდე, შექმნა 60-მდე ნამუშევარი, სადაც XIX საუკუნის ბოლოდროინდელი ახალციხის ცხოვრება, ებრაელთა ყოფა, ადათ-წესები, რიტუალური სცენები, ცეკვა, ხელოსნობა თუ სხვა ჟანრული სიუჟეტებია ასახული.
შალომ კობოშვილის ნამუშევრების გარდა, ექსპოზიციაზე გამოფენილია დავით გველესიანის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები ებრაული ცხოვრების თემატიკაზე; ეროვნული მუზეუმის მრავალფეროვანი ებრაული კოლექცია ⎼ XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისის ებრაული სამოსი, ქსოვილები, რელიგიური, რიტუალური თუ ყოფითი დანიშნულების ნივთები; დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის და დიმიტრი ერმაკოვის ფოტოარქივებში დაცული ფოტომასალა; საქართველოს ეროვნულ არქივსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოძიებული დოკუმენტური და საარქივო მასალა.
გამოფენაში ჩართულია მულტიმედია კომპონენტები – წარმოდგენილი იქნება აუდიო-ვიზუალურ მუზეუმთან „ჰოლოზეუმი“ თანამშრომლობით შექმნილი ანიმაცია. ასევე, დოკუმენტური ფილმი – „მეხსიერების დარაჯი“, რომელიც მომზადდა მედიაპლატფორმა Chai Khana-სთვის, საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის „ქართველი ებრაელების საერთო მეხსიერება“ ფარგლებში.
გამოფენა ხორციელდება როტშილდის ფონდისა და საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით.
გამოფენის კურატორი: ლელა წიწუაშვილი
დიზაინერი: დავით ჯანიაშვილი.
გამოფენის ხანგრძლივობა: 22 დეკემბერი, 2021 – 16 იანვარი, 2022.
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ.№ 3, თბილისი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები