ალექსი პეტრიაშვილი ზემო ნიქოზის სკოლის მოწავლეებს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. სახელმწიფო მინისტრი მოსწავლეებს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ალექსი პეტრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ხარისხიანი განათლების მიღების აუცილებლობაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ამ კუთხით არსებულ პერსპექტივებზე. სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრამდე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ზემო ნიქოზელმა მოსწავლეებმა „კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრი“ მოინახულეს, სადაც მათ მასპინძლობა ცენტრის ინსტრუქტორებმა გაუწიეს. მოსწავლეები სასწავლო ცენტრის ფუნქციონირებას და საერთაშორისო მისიებში გასამგზავრებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეგანაყოფების მზადების პროცესს გაეცნენ.
მოსწავლეები ასევე ეწვივნენ ოკუპაციის მუზეუმს და ევროკავშირისა და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრს.