,,ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობს საჭირო იყო პრემიერის მხრიდან მკაფიო პოზიციის მოსმენა და ვფიქრობ, ანგარიში ძალიან საინტერესო იყო და ძალიან ბევრ აქტუალურ საკითხზე გაკეთდა კონკრეტული აქცენტები”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
,,საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ყველა თემაზე. ასე რომ მთავრობის მეთაურის მხრიდან წარმოდგენილი ანგარიში იყო აუცილებელიც წლის შესაჯამებლად. განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც 2021 წელი არ იყო ნაკლებად რთული, ვიდრე 2020 წელი. შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წელი იყო გამოწვევებით აღსავსე და ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობს საჭირო იყო პრემიერის მხრიდან მკაფიო პოზიციის მოსმენა. ვფიქრობ, რომ ანგარიში ძალიან საინტერესო იყო და ძალიან ბევრ აქტუალურ საკითხზე ბატონმა ირაკლიმ გააკეთა კონკრეტული აქცენტები. ეს უკავშირდებოდა იმ პრობლემებს და იმ რთულ ვითარებას, რომელიც 2021 წლის დასაწყისში გვქონდა, თუ როგორ შეძლო მისი ხელმძღვანელობით მთავრობამ სიტუაციის შემობრუნება იმ კუთხით, რომ ჩვენ ყველაზე რთული ეკონომიკური კრიზისიდან მივიღეთ ეკონომიკური ზრდა. აღსანიშნავია, რომ რეგიონის მასშტაბით საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური ზრდის მიხედვით. ასევე აქცენტები შეეხო პოლიტიკურ გამოწვევებს და ბევრ სხვა საკითხს. როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ შედეგებზე ეს არ არის მხოლოდ ერთი რიცხვით გამოხატული ეკონომიკური ზრდა, ეს შედგება მრავალი ელემენტისა და კომპონენტისგან, იმ რეფორმებისგან და თანმიმდევრული პოლიტიკისგან, რომელმაც მიგვიყვანა ლოგიკურ შედეგებამდე,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.