რა ცვლილებებია მოსალოდნელი მინისტრთა კაბინეტში – „შესაძლოა, ცვლილებები ირაკლი ალასანიას შეეხოს“
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ახლა ჯერი პარლამენტზეა. საკანონმდებლო ორგანომ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადოს. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი წარდგინება მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ პარლამენტში უკვე შევიდა.
მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები, ან გადაადგილებები მომავალშიც მოსალოდნელია. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, შენიშვნები მთავრობაში დარჩენილ რამდენიმე მინისტრთან მიმართებაშიც აქვს. მან აღნიშნულ კონტექსტში მორიგი საკადრო ცვლილება არ გამორიცხა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის ყველა მინისტრთან დაკვირვების რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მინისტრთა კაბინეტში პრემიერის მიერ განხორციელებულ და შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით “კვირა“ საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტს, ექსპერტ არჩილ გამზარდიას ესაუბრა. ექსპერტის შეფასებით, ის ფაქტი, რომ პრემიერი მთავრობის დაკომპლექტებას საკუთარი შეხედულებისამებრ მოწონებული კანდიდატურებით ცდილობს, გარკვეულწილად, აბათილებს მოსაზრებას, რომ მთავრობას კვლავ ბიძინა ივანიშვილი მართავს.
„ირაკლი ღარიბაშვილს საერთაშორისო ასპარეზზეც და ჩვენს საზოგადოებაშიც დამოუკიდებელი ლიდერის იმიჯი სჭირდება. ის ფაქტი, რომ პრემიერი სამთავრობო გუნდს თავისი შეხედულებისამებრ აკომპლექტებს და ბიძინა ივანიშვილის მიერ მოწონებული კადრების გათავისუფლების ნაბიჯს დგამს – ეს უკვე ამკვიდრებს ამ აზრს, რაც პოზიტიური მოვლენაა“, – განუცხადა “კვირას“ არჩილ გამზარდიამ.
რაც შეეხება უკვე გათავისუფლებულ მინისტრებს, გამზარდიას არასაკმარისად მიაჩნია პრემიერის განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ გაათავისუფლა თანამდებობიდან მაინცდამაინც ის შვიდი მინისტრი. ექსპერტი ფიქრობს, რომ პრემიერმა სამთავრობო ცვლილებებთან მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ძალიან ზოგადი და არაარგუმენტირებული განმარტება გააკეთა.
პრემიერის ზემოთ აღნიშნული განცხადების შემდეგ მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ვარაუდები გამოთქვეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, ძნელია ითქვას, ვინ მოიაზრა პრემიერმა საკუთარი განცხადების ფარგლებში, თუმცა მისივე თქმით, გამორიცხული არაფერია, ხოლო შეუცვლელი არავინ არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, განათლების მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მომდევნო საკადრო გადაადგილება მასაც შეეხოს.
“მე ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებაშიც იყო გარკვეული ლოგიკა ჩადებული და რადგან თვითონ გადაწყიტა, მართლაც, ეს დროული იყო. ამიტომ მე ვფიქრობ, როგორც თვითონ თქვა, ყველაფერი დამოკიდებულია ინდივიდუალურ მინისტრებზე, რამდენად კარგად გაართმევენ თავს, რამდენად ეფექტურები იქნებიან. რა თქმა უნდა, დააკვირდება, რომელმა მინისტრმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები და რომლის გადახალისება იქნებოდა უფრო სარგებლის მომტანი მინისტრთა კაბინეტში. მომავალში არ არის გამორიცხული ან ვიყო მე, ან იყოს სხვა. პრემიერს არ დაუკონკრეტებია. მან გარკვევით თქვა, რომ აგრძელებს მონიტორინგს და დაკვირვებას მინისტრების მუშაობაზე, რაც ნორმალურია, კარგი და საჭიროა. შესაბამისად, აქედან გამოჩნდება, ვინ იქნებიან ის ადამიანები, ვინც მომავალში დატოვებენ, ან საერთოდ არ დატოვებენ, ესეც საკითხავია”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
„ბურჯანაძე- ერთიანი ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი კი ვარაუდობს, რომ მომავალი საკადრო ცვლილები თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას და მის გუნდის შეეხება. მისი თქმით, კოლიციაში დაპირისპირება ნათლად ჩანს,ხოლო პრემიერს შეუძლია ალასანია ან გუნდის ნებისმიერი სხვა მინისტრი გაათავისუფლოს.
„შესაძლოა, ცვლილებები შეეხოს ირაკლი ალასანიას. რადგან, არსებული დაპირისპირება, რომელიც კოალიციაში არსებობს, ნათლად ჩანს. ღარიბაშვილს თავისუფლად შეუძლია გაათავისუფლოს თუნდაც ალასანია ან თავისი გუნდის ნებისმიერი სხვა მინისტრი. ვფიქრობ, რომ თუ ვინმეს შეიძლება შეეხოს ცვლილებები, ეს, პირველ რიგში, ალასანია და მისი გუნდია. არ გამოვრიცხავ, რომ თავად ალასანიას გუნდიც ფიქრობს გარკვეულ დისტანცირებას კოალიციისგან”,- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი აღნიშნავს, რომ მთავრობაში ცვლილებების კვლავ განხორციელების შემთხვევაში პარლამენტი პრემიერის გადაწყვეტილებას მხარს აუცილებლად დაუჭერს.
,,არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცვლილებები მთავრობაში ისევ გაგრძელდეს, იმიტომ, რომ ეს პრემიერის კომპეტენციაა. ის იღებს გადაწყვეტილებას და ეს საჭიროა მთავრობის უკეთ მუშაობისთვის. ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მთავრობას, პრემიერს, იმისთვის, რომ იმუშაოს კიდევ უფრო უკეთესად, რადგან ჩვენი ხალხისთვის გასაკეთებელი ძალიან ბევრი გვაქვს “, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსნებთ, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ წარდგინება ბიუროს სხდომაზე დღეს შევიდა. ბიუროს სხდომის შემდეგ საკომიტეტო მოსმენები გაიმართა. საკომიტეტო მოსმენებს მინისტრობის კანდიდატებიც დაესწრნენ. დეპუტატები მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხზე 26 ივლისს, რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებენ. უმრავლესობას მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად 76 ხმა სჭირდება.