არმაზ ახვლედიანი – იუსტიციის მინისტრს: რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ეს უფრო სასურველია და გინდათ, წარმოაჩინოთ რეალობად, მაგრამ რეალობა სხვაა

„რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ეს ჩემთვის უფრო სასურველია, რაც გინდათ რომ წარმოაჩინოთ რეალობად, მაგრამ რეალობა სხვაა. რეალობა ისაა, რომ საქართველოში, ვერც გასული ცხრა და ვერც იმის წინა ცხრა წლის განმავლობაში ვერ იზეიმა იუსტიციამ. ეს არა მარტო დასანანია, არამედ დიდი ტრაგედიაა”,-ასე მიმართა არმაზ ახვლედიანმა იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

არმაზ ახვლედიანის თქმით, ის ფაქტი, რომ ის პარტიული გუნდის მინისტრია, ნორმალურია, მაგრამ მისივე თქმით, პარტიული გუნდის ინტერესს უნდა ატარებდეს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს ინტერესი შეიძლება იყოს შესაბამისობაში სახელმწიფოს და კანონის ინტერესთან.

„როცა დგება არჩევანი კანონს და პარტიულ ინტერესს შორის, თქვენ, იუსტიციის მინისტრი ამ არჩევანს ვის სასარგებლოდ, რის სასარგებლოდ აკეთებთ? თქვენ პარტიული გუნდის მინისტრი კი ხართ და აქ არაფერია დასაძრახი, ასეა ეს ნორმალურ ვითარებაში, მაგრამ პარტიული გუნდის ინტერესს უნდა ატარებდეთ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს ინტერესი შეიძლება იყოს შესაბამისობაში სახელმწიფო და კანონის ინტერესთან. უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ, რომ ყველა სიკეთე შეიძლება იწყებოდეს თქვენგან, არავითარი მემკვიდრეობითობა. გადახედეთ არქივს, ვინ იყვნენ იუსტიციის მინისტრები ბოლო 30 წლის განმავლობაში, ნუთუ ყველაფერი ასე ცუდად იყო და მხოლოდ თქვენი წინამორბედი მინისტრია საუკეთესო და თქვენ მისი საქმის საუკეთესო გამგრძელებელი”,-განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

მისი განცხადებით, იუსტიციის მინისტრს, ანგარიში, რომელიც პარლამენტს „მინისტრის ფორმატში” წარუდგინა, შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა გაეკეთებინა.

„არის თუ არა იმის შანსი, რომ ეს ვითარება შეიცვალოს. მე მიმაჩნია, რომ არის, მით უფრო ახლა, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივის ფონზე ამის საკმაოდ რეალური შანსია, მაგრამ ამ ინიციატივის განხორციელება ახლა არის თქვენს და აგრეთვე ჩვენს ხელში. ჩვენ შეგვიძლია ან შევეწიოთ ამ საქმეს ან დავმარხოთ. მე ვისურვებდი, რომ ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით გესაუბრათ თქვენ”,-განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები