მომავალ წელს ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ჩვენი დეოკუპაციის სტრატეგიის დასრულება და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად პრევენციული ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში, “ქრონიკაში” განაცხადა.
ქვეყნის მთავარი დიპლომატის განცხადებით, დეოკუპაციის სტრატეგიის შესახებ ქართულმა მხარემ უკვე მიაწოდა ინფორმაცია ევროპელ პარტნიორებს და მათგან მხარდაჭერა მიიღო.
„ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა სწორედ ამ კუთხით არის მიმართული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთსულოვანი მხარდაჭერა ამ კუთხით. ისინი აცნობიერებენ ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას, მიზნებს, რომელიც არის დაკავშირებული დეოკუპაციის სტრატეგიის შემუშავებასთან მიმართებით. ჩვენი მოსაზრებები გავუზიარეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს. მომავალ წელს ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ჩვენი დეოკუპაციის სტრატეგიის დასრულება და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად პრევენციული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ შევაჩეროთ ის აგრესიული პოლიტიკა, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციასთან. ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკაში ჩვენ თანმიმდევრულები ვართ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.