დავით გურგენიძე – „ეს აქცია ადრეც უნდა დაგვეწყო“
სტუდენტურ კამპანიას – „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. მათ, აქციის ფარგლებში, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს.

„ვაქცინაცია მნიშვნელოვანია და ამ აქციას ტექნიკური უნივერსიტეტი შეუერთდა. მე მიხარია, რომ ჩვენი სტუდენტები, და არა მარტო ისინი, არამედ ახალგაზრდები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ასე აქტიურად ჩაერთნენ ამ კამპანიაში.
რასაკვირველია, ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი და ვაქცინაციას არავის ვაძალებთ, უბრალოდ, ჩვენ ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ. მე ვფიქრობ, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა – არის აცრა.
ტექნიკურ უნივერსიტეტში უმეტესობა აცრილია. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ თავიდანვე გამოვეხმაურეთ ვაქცინაციის პროცესს და, რექტორის, კანცლერისა და ახალგაზრდობის გადაწყვეტილებით და მონდომებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა ვაქცინაციის პუნქტი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, მოვიდნენ და ურიგოდ აიცრან.
რაც შეეხება თავად აქციას, ის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ – ეზოში ჩატარდა და სტუდენტები აცრისკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს, გამვლელებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს უზიარებდნენ.
მე მინდა, ვთხოვო ადამიანებს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, პანდემიის დამარცხების ერთადერთი საშველი არის აცრა“, – განაცხადა საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, სტუ-ის სტუდენტური სერვისების კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით ოქიტაშვილმა.
სტუდენტებმა, აქტივობის ფარგლებში, ფოტო და ვიდეომიმართვები, ასევე, შთაბეჭდილების ბანერზე დატოვებული მესიჯები, ინტერნეტსივრცეში კამპანიის – „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ სლოგანით გაავრცელეს.
დავით გურგენიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი:

„ეს ძალიან კარგი აქციაა და ადრეც უნდა დაგვეწყო. ჩვენთან სტუდენტობისა და პროფესურის დიდი ნაწილი უკვე აცრილია, ხოლო თავად სტუდენტები უკვე დამატებით ინფორმაციას აწვდიან და ესაუბრებიან თავიანთ თანატოლებს.
მე მოვუწოდებ ყველას, სასწრაფოდ აიცრან. მე ერთ – ერთი პირველი ვარ, ვინც ავიცერი ჩემს ოჯახთან ერთად და უკვე „ბუსტერიც“ გავიკეთე. ეს არის პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა“.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა კამპანიაში ჩასართავად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გამოიწვიეს.
აქციის „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ფარგლებში, სტუდენტური აქციები უკვე გაიმართა: თბილისში, თელავში, გორში, ქუთაისში და ახალციხეში. მალე კამპანიას ბათუმისა და ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან.
ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია – „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 26 ნოემბერს წამოიწყეს.