გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევებას მხარი დაუჭირა.
ამის შესახებ Spiegel-ი წერს.
როგორც შოლცმა ევროკავშირის სამიტზე კანცლერის რანგში სტუმრობისას თქვა, “მოსამართლის ვერდიქტი იყო მკაფიო, რომ ჩვენთან საშინელება მოხდა და სრულიად მართებულია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ამაზე მკაფიო პასუხი გასცა”.
7 დეკემბერს გერმანიის პროკურატურამ ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა.
„ბრალდებული რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეცრაზმის მეთაური იყო. მან, შურისძიების მიზნით, პოლიტიკური ოპონენტი გაანადგურა. აღნიშნული ოპერაცია დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და ცივსისხლიანად შესრულდა“, – განაცხადა პროკურორმა.
პანკისის ხეობის მკვიდრი, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია.
Bellingcat-ი ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ. 2020 წლის აგვისტოს ბოლოს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კრასიკოვს თანამზრახველი ჰყავდა და ის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეცდანაყოფ „ვიმპელის“ ყოფილი ოფიცერი, რომან დემიანჩენკოა.
სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, გერმანიის საგარეო უწყებამ ქვეყნის ორი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა.
რუსეთში ქმედება არამეგობრულ ნაბიჯად შეაფასეს და პირობა დადეს, რომ ადეკვატურად უპასუხებენ.