რუსეთის საგარეო უწყება ხანგოშვილის მკვლელისთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინის სასამართლოს მიერ, 15 დეკემბერს საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის ვადიმ სოკოლოვისთვის (კრასიკოვი) სასჯელის სახით უვადო პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბერლინის სასამართლოს განაჩენი არაობიექტურია და პოლიტიკური დაკვეთის ხასიათს ატარებს.

“რუსული მხარის მტკიცე რწმენით, გერმანიის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი რუსეთის მოქალაქის ვ.ა. სოკოლოვის წინააღმდეგ, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული დაჯგუფებების ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის, საქართველოს მოქალაქე ზ. ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე უკიდურესად მიკერძოებულია და აშკარა პოლიტიკური დაკვეთის ხასიათს ატარებს. დაჟინებით ვამბობთ, რომ ჩვენი მოქალაქე უდანაშაულოა, რომელიც იტოვებს უფლებას, მიმართოს გერმანიის უზენაეს სასამართლოს მის მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის გასაჩივრებისთვის.

კატეგორიულად უარვყოფთ უსაფუძვლო და რეალობისგან სრულიად მოწყვეტილ ბრალდებებს რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობის შესახებ, ტერორისტ ზ.ხანგოშვილის მკვლელობაში, რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით. ბრალდებები აგებულ იქნა უცხოური სპეცსამსახურებისა და მათთან აფილირებული სტრუქტურების დახმარებით.

ღრმად ვართ იმედგაცრუებული, რომ გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენის საბაბით, განეხორციელებინა მორიგი არამეგობრული ქმედება რუსეთის წინააღმდეგ, გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად გერმანიაში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი, რომლებსაც არ და შეუძლებელია ჰქონოდათ რაიმე კავშირი „ზ. ხანგოშვილის საქმესთან“, რაც გერმანიის მთავრობისთვის კარგად არის ცნობილი. ბერლინისთვის ეჭვგარეშე უნდა იყოს, რომ რუსული მხარე შექმნილი ვითარების ადეკვატურ საპასუხო ზომებს მიიღებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები