“არ არის ის რეალობა, რომ “ოცნების” წარმომადგენლებთან შამპანურის მიჭახუნება შევძლო” – ელენე ხოშტარია სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მიღებაზე არ მივა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მიღებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

“მივიღე მოწვევა პრეზიდენტისგან საახალწლო წვეულებაზე. პირველ ყოვლისა, დიდი მადლობა პრეზიდენტს. გასაგებია ეს ჟესტი და დასაფასებელი.

საახალწლო წვეულებაზე ვერ მივალ (ჯერ სახლისთვისაც ვერ მიყიდია ნაძვის ხე). ჯერ ერთი, ემოციურად და ფიზიკურად ძალიან გამიჭირდება საახალწლო წვეულებისთვის შესაფერის განწყობაზე ვიყო და იქ ვითომც არაფერი ისე ვიყო. სამწუხაროდ, არ არის ჩვენთან დღეს ის რეალობა, რომ შევძლო შამპანიურის მიჭახუნება ,,ოცნების,, წარმომადგენლებთან. შეუძლებელია ეს შევძლო დაჭერების ფონზე. დღეს თან მთელი დღე სასამართლოა და აქედან რომ იქ წავიდე, უბრალოდ, არ შემიძლია. ასევე, პრაგმატულად არასწორი მგონია პოლარიზაციის დაძლევის პროცესი ამ ფორმით მივიღოთ. ეს ჩემთვის თამაში გამოვა. და არასწორ პროცესში შესვლა, იმიტაცია ‘ნორმალურობის’ და არა ნორმალური სიტუაცია რეალურად.

არ მინდა, ეს იყოს აღქმული, როგორც თავად პროცესზე უარის თქმა. პირიქით, ძალიან ველოდები პრეზიდენტის მოსაზრებებს პროცესის შინაარსზე და ამ თემაზე საქმიანად სალაპარაკოდ ნებისმიერ ფორმატში შეხვედრაზე მივალ.

ასევე, არ ვაპირებ, თავს დავესხა იმათ, ვინც ოპოზიციიდან წავა. დარწმუნებული ვარ, საზეიმოდ არ მიდიან და სწორი გონიათ ასე”, – წერს ხოშტარია.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისთვის დღეს საახალწლო მიღებას გამართავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები