საია ციხეებში ე.წ. მაყურებლების სავარაუდო არსებობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. მაყურებლების სავარაუდო არსებობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საიამ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება 16 ივლისს გააკეთა და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენაც მოუწოდა. განცხადება ერთ-ერთი პატიმრის შავლეგ გურგენიძის მიერ საიას ადვოკატისთვის მიცემულ ახსნა – განმარტებას ეფუძნებოდა. ახსნა-განმარტებაში პატიმარი საუბრობდა #8 დაწესებულებაში მყოფი კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ, რომლებიც სხვა პატიმრებს აიძულებდნენ, დამორჩილებოდნენ მათ მოთხოვნებს და ციხის ადმინისტრაციის მფარველობით სარგებლობდნენ.
კახა კოჟორიძის თქმით, 21 ივლისს საიას ადვოკატმა კიდევ ერთხელ მოინახულა შავლეგ გურგენიძე, რომელიც ორგანიზაციის განცხადების გავრცელების შემდგომ მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს. შავლეგ გურგენიძე აღნიშნავს, რომ 18 ივლისს შეხვდა #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსის მოადგილე უსაფრთხოების დარგში ი. პ., რომელმაც განუცხადა, რომ თუ გააგრძელებდა საიაში დავას, მერე ნახავდა, ვის რა შესაძლებლობა აქვს და ვინ რას გააკეთებდა.
როგორც კოჟორიძემ განაცხადა, აღნიშნული საუბრის შემდეგ შავლეგ გურგენიძე მის მიმართ სხვა უკანონო ქმედებების განხორციელებას არ გამორიცხავს და თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.
“კიდევ უფრო შემაშფოთებელია საიას ადვოკატისათვის პატიმრის, ტრისტან ვასაძის მიერ 2014 წლის 22 ივლისს მიცემულ ახსნა-განმარტებაში ასახული ფაქტები. იგი ამჟამად სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში იმყოფება, თუმცა მანამდე სასჯელს #8 დაწესებულებაში იხდიდა. ტრისტან ვასაძე აცხადებს, რომ #8 დაწესებულებაში ყოფნის დროს (2014 წლის 19 მარტს) შეესწრო ციხის თანამშრომელთა მხრიდან სხვა პატიმრის ცემის ფაქტს, რაზეც ღიად განაცხადა პროტესტი. რამდენიმე დღის შემდეგ ციხის თანამშრომლებმა მას ერთ-ერთ მოადგილესთან, ზ.მ.- სთან შესახვედრად გაყოლა მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა.
ვასაძე ახსნა-განმარტებაში მიუთითებს, რომ როდესაც უარი თქვა გაყოლაზე, მას დაუწყეს ცემა, ხელებით ფეხებით და 2 ლიტრიანი წყლით სავსე ბოთლით. ამის მერე ის ამბობს, რომ ჩაიყვანეს კარანტინში, სადაც დახვდა ზ.მ. და რამდენჯერმე სახეში გაარტყა. ის ამბობს, რომ საკანში კი ი.პ.-ც სცემდა”, – აღნიშნა კოჟორიძემ.
მისი განცხადებით, ვასაძე ასევე საუბრობს #2 დაწესებულებაში ე.წ. მაყურებლების არსებობაზე და აცხადებს, რომ #2 დაწესებულებას ჰყავს ციხის “მაყურებელი” შ.მ. ყველა კორპუსს ჰყავს თავისი მაყურებლები, “პრაგულკასაც” კი თავისი “მაყურებელი” ჰყავს. ასევე ბალნიჩკას უყურებს ვინმე კ. ციხეში მიდის ფულზე თამაში, გროვდება საერთო, ე.წ. ობშიაკი და თამაშის დროს სხვა პატიმარს შეუძლია სხვა საკანში გადასვლა, რა თქმა უნდა, “მაყურებლის” მეშვეობით.
“ტრისტან ვასაძე მიუთითებს, რომ მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. საიას ადვოკატისთვის მიცემულ წერილობით ახსნა-განმარტებაში ვასაძე ასევე აღნიშნავს, რომ 17 ივლისს ლურსმნით მიიჭედა სკამზე ხელი და შიმშილობა გამოაცხადა. ზემოაღნიშნულ ახსნა-განმარტებებში ასახული ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რაც საჭიროებს დროულ გამოძიებას და შესაბამისი ზომების გატარებას. საია მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში შეისწავლონ მითითებული ინფორმაცია და მისი დადასტურების შემთხვევაში ყველა შესაბამის პირს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისროს. საია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მსგავსი ინფორმაციის გაჟღერებას აუცილებელია მოჰყვეს შესაბამისი უწყებების სათანადო რეაგირება და არა იმგვარი შეფასებები, როგორსაც ადგილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის, გიგა გიორგაძის მხრიდან ჰქონდა, რომელმაც საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “აბსურდული” უწოდა და განაცხადა, რომ ორგანიზაცია “სიცრუის ტირაჟირებას” ახდენდა. ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე ინფორმაციის “აბსურდულად” და “სიცრუედ” მოხსენიება, ვფიქრობთ, არ შეუწყობს ხელს საკითხის გამოძიებას და პირიქით, შესაძლოა, გამოიწვიოს კანონდარღვევების წახალისება, რადგან უწყების რიგით თანამშრომლებს შესაძლებელია შეექმნათ განცდა, რომ მათ უკანონო ქმედებას მაღალი თანამდებობის პირი საკითხის სათანადოდ შესწავლის გარეშე დაიცავს. აქვე, დადებითად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ პროკურატურამ საიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ საკითხის შესწავლა დაიწყო. პატიმარმა შავლეგ გურგენიძემ საიას ადვოკატს აცნობა, რომ დაკითხვის მიზნით მასთან იმყოფებოდა პროკურატურის გამომძიებელი”, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები