ნიკა მელია: სამოქალაქო თანხმობა არ ნიშნავს იმას, რომ ხელიხელჩაკიდებულებმა მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირზე ვისეირნოთ
“სამოქალაქო თანხმობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხელიხელჩაკიდებულებმა მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირზე ვიაროთ და ვისეირნოთ, ეს ნიშნავს, რომ ფუნდამენტურ პრინციპებზე შევთანხმდეთ და ასე იმართებოდეს სახელმწიფო”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ცვლილებები მოქალაქეების ხელშია.
“ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ამდენი პოლიტიკოსის, ამდენი მედიამფლობელის დაპატიმრება აქვს განზრახული რეჟიმს და, მეორე მხრივ, არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ამდენი დაკავებები მომაკვდინებელი იქნება რეჟიმისთვის, მაგრამ რა ქნას ხელისუფლებამ, რომელმაც თავისივე დაგებულ მახეში ამოყო თავი, გამამართლებელ განაჩენს ხომ არ გამოატანინებს იგივე ნიკა გვარამიას, ჯაფარიძე-ხაზარაძის და ვატო წერეთლის მამის წინააღმდეგ? – არა, ბუნებრივია, იძულებულია, მიყვეს დინებას და თავად ვერ გადაუწყვეტია – რა გააკეთოს. მთავარია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ახსოვდეს, რომ თქვენს ხელშია ცვლილებები, რაც არ უნდა ვერაგი იყოს მტერი და ასეთი არის ოლიგარქი, რომლის უკანაც დგას რუსეთის სპეცსამსახურები. ისინიც კი დარწმუნდნენ, რომ ვერც ერთი პოლიტიკოსის და მედია მფლობელის დაჭერით ვერავის ვერ გატეხავენ და მოძრაობა ცვლილებებისთვის გაგრძელდება და გაგრძელდება კიდევ უფრო ძლიერი მუხტით. ამ სახელმწიფოს დასავლური ტიპის მომავალი უბრალოდ არ ექნება, ვიდრე “ქართული ოცნებაა” მართვის სადავეებთან. მნიშვნელოვანია სიმტკიცით და ნერვიულობის გარეშე სვლა გავაგრძელოთ. სამოქალაქო თანხმობაზე როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, სამოქალაქო თანხმობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხელიხელჩაკიდებულებმა მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირზე უნდა ვიაროთ და ვისეირნოთ – ეს ნიშნავს, რომ ფუნდამენტურ პრინციპებზე შევთანხმდეთ და ასე იმართებოდეს სახელმწიფო”, – განაცხადა ნიკა მელიამ.