ჩინეთში „ომიკრონის“ მეორე შემთხვევა გამოვლინდა – CNN-ის ინფორმაციით, კოვიდის ახალი შტამი დაუდასტურდა მგზავრს, რომელიც ჩინეთში 2 კვირის წინ დაბრუნდა.
შემთხვევა ქალაქ გუანჯოუში დაფიქსირდა – 67 წლის მამაკაცი შანხაიში 27 ნოემბერს ჩაფრინდა და 2-კვირიანი კარანტინი გაიარა, კარანტინის პერიოდში ყველა ტესტმა უარყოფითი აჩვენა. ამის შემდეგ, იგი შანხაიდან გუანჯოუში გაფრინდა, ავიახაზებმა CNN-ს დაუდასტურა, რომ თვითმფრინავი თითქმის მთლიანად სავსე იყო მგზავრებით.
შემდეგ მგზავრი სახლში თვითიზოლაციაში გადავიდა. მას კიდევ ერთი ტესტი 12 დეკემბერს ჩინეთში ჩასვლიდან 15 დღის შემდეგ გაუკეთეს. 13 დეკემბერს ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, სეკვენირების შედეგად დადგინდა, რომ ეს „ომიკრონის“ შტამი იყო. პაციენტს გამოხატული სიმპტომები აქვს, ამჟამად, მას საავადმყოფოში მკურნალობენ. დიაგნოზის დასმის შემდეგ, 10 544 ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა, რომ მასთან კავშირში ყოფილიყო, კორონავირუსზე შეამოწმეს – ამ დრომდე, ყველა მათგანის ტესტი უარყოფითია.
ჩინელ ეპიდემიოლოგებს არ უთქვამთ, როდის ან როგორ დაინფიცირდა მამაკაცი. საშუალოდ, სიმპტომები დაინფიცირებიდან 5-6 დღეში ვლინდება, თუმცა, ეს პერიოდი შესაძლებელია, 14 დღემდეც გაგრძელდეს.
ახალი შტამის, „ომიკრონის“ შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია, მეცნიერებს არ აქვთ სრული ინფორმაცია ინკუბაციის პერიოდის შესახებაც. ახალ ვარიანტში უჩვეულოდ ბევრი მუტაციაა თავმოყრილი, ამიტომ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსი უფრო გადამდები იქნება.
გასულ თვეში ჰონგ-კონგში „ომიკრონი“ 2 ადამიანს დაუდგინდა – ისინი სხვა ქვეყნიდან დაბრუნდნენ და საკარანტინე სასტუმროს სხვადასხვა ოთახში იყვნენ მოთავსებულნი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსი შესაძლოა, ჰაერის საშუალებით დერეფნიდან გადასდებოდათ.