საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისისგან სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან (US ODC) არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, მეხანძრის პერსონალური გაფრთხილებისა და უსაფრთხოების სისტემა, გენერატორი, წყლის საქაჩი ტუმბო, მულაჟი, განათების სისტემა, ჰიდრავლიკური ხელსაწყო და სხვადასხვა სახის სახანძრო-სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად აუცილებელი აღჭურვილობა გადაეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სპეციალური საშუალებები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი და მათი გამოყენება მოხდება როგორც სახანძრო-სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად, ასევე, სასწავლო მიზნებითაც. აღჭურვილობის გადაცემის ოფიციალური ცერემონია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი, მისი პირველი მოადგილე – ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი – დავით სუხიშვილი.
ამერიკულ მხარეს ღონისძიებაზე წარმოადგენდნენ აშშ-ის ევროპის სარდლობის გენერალი – ედვარდ ვაუგანი, აშშ-ის თანამშრომლობის განვითარების ოფისის უფროსი – პოვილას სტრაზდა და US ODC-ის ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერი – დანიელ სეკულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან საქმიანი ურთიერთობის რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს. US ODC-ის მხარდაჭერით, სამსახურს სხვადასხვა დროს გადაეცა სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. გარდა ამისა, მოხდა მეხანძრე-მაშველების გადამზადება რამდენიმე მიმართულებით. ამერიკული მხარისგან სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის გადმოცემა წარმატებული პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომელიც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, – აღნიშნულია ინფორმაციაში.