„ცილისწამების მსხვერპლი გავხდი, ალბათ, დიდი თანამდებობის პირი ან ყოფილი პრეზიდენტი უნდა იყო, რომ ნინო ლომჯარია დაინტერესდეს“ – ყოფილი სამხედრო
“ალბათ, დიდი თანამდებობის პირი ან ყოფილი პრეზიდენტი უნდა იყო, რომ ქალბატონი ნინო ლომჯარია დაინტერესდეს”, – ამის შესახებ ყოფილმა სამხედრომ, დავით ბაიდარაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, “TV პირველზე“ ცილისმწამებლური სიუჟეტი გავიდა იმის შესახებ, რომ, თითქოს, ის რუსეთის აგენტი იყო.
ყოფილი სამხედრო აცხადებს, რომ ის ცილისწამების მსხვერპლი გახდა. ბაიდარაშვილის თქით, აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველსა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიმართა, თუმცა, საქმის განხილვაზე უარი მიიღო.
„შაბათიდან დაწყებული ჩემი ცხოვრება 360 გრადუსით შეიცვალა. იმხელა ცილისწამების მსხვერპლი გავხდი, რომ ეს არა მარტო პირადად შემეხო, არამედ – მთელს ჩემს ოჯახს, მშობლებს, შვილებს, ნათესავებს. მინდა, ეს ამბავი ყველამ გაიგოს. ვისაც მივმართე, ამ საქმეებს არ ვიხილავთო. ეს იყო „ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, სახალხო დამცველი, რომელმაც მითხრა, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ მიმართეთო. ეს იყო მისი პასუხი. ალბათ, დიდი თანამდებობის პირი ან ყოფილი პრეზიდენტი უნდა იყო, რომ ქალბატონი ნინო დაინტერესდეს. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც“ მივმართე, განცხადება დაწერილი მაქვს და პასუხს ველოდები.
ამაზე მეტი ადამიანის უფლებების დარღვევა რაღა უნდა იყოს, ადამიანს ბრალს ქვეყნის ღალატში სდებენ, როცა ის თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს“, – განაცხადა ბაიდარაშვილმა.